შრომითი უფლებები

ფრესკოს დამფუძნებელი: მათ, ვინც გვაგინებდა - დორბლები მოიწმინდეთ, გპატიობთ

ფრესკო

სუპერმარკეტ ფრესკოს დამფუძნებელი ვასილ სოფრომაძე განცხადებას ავრცელებს და მისი კომპანიის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს სიცრუეს უწოდებს. მისი თქმით, "ატეხილი აჟიოტაჟის" პარალელურად, რამდენიმე შეთავაზება მიიღო, რომ ფრესკო გაეყიდა.

"ველოდი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის დასკვნას. რამდენიმე საათის წინ, მინისტრმა - ბატონმა დავით სერგეენკომ ამ თემასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ფრესკოსთან“ მიმართებაში მოკვლევის შედეგად სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია არ დადასტურდა. ამავე პერიოდში „ფრესკოს“ ქსელის რამდენიმე სუპერმარკეტი შეამოწმა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ და ვერ აღმოაჩინა ვერც ერთი, ხაზს ვუსვამ, ვერც ერთი დარღვევა. 

ყოველივე ამის პარალელურად, მე პირადად ვიღებდი წინადადებებს „ფრესკოს“ ქსელის გაყიდვის შესახებ. როგორც ამბობენ, ზოგი ჭირი მარგებელია - ძალიან ბევრმა გადაწყვიტა, რომ ჩვენ სამუდამოდ ჩავიძირეთ და აჩვენა თავისი რეალური სახე.

მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს ერთგულ მომხმარებელს, რომლებმაც მიუხედავად ძალიან დიდი მორალური და ემოციური ზეწოლისა („ფრესკოს“ მარკეტების შესასვლელში მათ ხვდებოდა ხალხი, რომელიც მათგან მოითხოვდა ბიოკოტი გამოეცხადებინა ჩვენი კომპანიისათვის), გვერდში დაგვიდგა და გვენდო. მინდა, მათ შევპირდე, რომ „ფრესკო“ მომავალშიც არ დაიშურებს ძალას და გულისხმიერებას კიდევ უფრო უკეთესი მომსახურება მიიღონ ჩვენს მარკეტებში.

რაც შეეხება მათ, ვინც გვიყიჟინებდა, ვინც ჩემს, სულით ძლიერ თანამშრომლებს, მენეჯმენტს და გენერალურ დირექტორს დედას პირდაპირი გაგებით აგინებდა, ბოღმით იხრჩობოდა, შურით ხარობდა, ჩაძირვას გვიწინასწარმეტყველებდა და ბიოკოტს გვიცხადებდა - დორბლები მოიწმინდეთ, „პეროები“ გამოიღეთ, ჰაერი ღრმად ჩაისუნთქეთ და ... გპატიობთ. შეგიძლიათ ძველებურად იაროთ ჩვენს ქსელში, ვინაიდან „ფრესკო“ ნომერ პირველი ქართული სუპერმარკეტების ქსელია საქართველოში და კიდევ უფრო უკეთესები რომ გავხდეთ, გვჭირდება თქვენი შემოტევები, რომ მუდამ ტონუსში ვიყოთ და პირველობა არავის არ დავუთმოთ" - ნათქვამია ვასილ სოფრომაძის განცხადებაში.

ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულმა შრომის ინსპექციამ სუპერმარკეტების ქსელი ფრესკო  თანამშრომელთა შრომითი ექსპლოატაციისა და იძულებით შრომის ნაწილში შეამოწმა. მიზეზი სუპერმარკეტის თანამშრომელთა ნაწილის განცხადება გახდა, რომლის მიხედვითაც ფრესკოში არაადამიანური სამუშაო პირობებია. სუპერმარკეტების ქსელი "ფრესკო" თანამშრომლების ნაწილის სახელით გავრცელებულ ბრალდებებს არ ეთანხება. მეტიც, კომპანიაში აცხადებენ, რომ მათთან დასაქმებულებს კონკურენტებთან შედარებით უპირატესობები აქვთ. 

კომენტარები