შრომითი უფლებები

ფრესკო ბრალდებებს არ ეთანხმება და კომპანიაში დასაქმებულთა უპირატესობებზე საუბრობს

facebook.com/pg/FrescoRetailGroup

სუპერმარკეტების ქსელი "ფრესკო" თანამშრომლების ნაწილის სახელით გავრცელებულ ბრალდებებს არ ეთანხება. მეტიც, კომპანიაში აცხადებენ, რომ მათთან დასაქმებულებს კონკურენტებთან შედარებით უპირატესობები აქვთ. ამის მაგალითად ტაბულასთან "ფრესკოს" მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი მაღალ ხელფასს, ფულად პრემიებს, დაწინაურების სისტემას და უფასო კვებას ასახელებს.

ტაბულამ "ფრესკოს" კომპანიის თანამშრომლების სახელით გავრცელებული ბრალდებების ყველა პუნქტის შესახებ ჰკითხა. მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი, მარიამ აფრიდონიძე ამბობს, რომ ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება.

რაც შეეხება ჯარიმებს, მისი თქმით, ჯარიმები არის კონკრეტული დისციპლინური გადაცდომების შემთხვევაში, თუმცა რა გადაცდომა რა სანქციას ითვალისწინებს, შინაგანაწესით რეგულირდება და დახურული ინფორმაციაა.

ზეგანაკვეთური სამუშაო

ბრალდება: სამუშაო საათები განისაზღვრება 12 საათით, კვირაში 5 დღე. როგორც ვიცით, საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული მაქსიმალური სამუშაო საათების რაოდენობა არის კვირაში 48 საათი, რაც ზეგანაკვეთურ სამუშაოს წარმოადგენს და უნდა ანაზღაურდეს შესაბამისად. ფრესკოს თანამშრომლების სამუშაო საათები კი კვირაში შეადგენს 60 საათს, ხოლო ანაზღაურება არის მინიმალური - 400 ლარამდე.

პასუხი: არ შეესაბამება სიმართლეს. თითოეული ზეგანაკვეთური სამუშაო საათი ფრესკოში ანაზღაურებადია. ჩვენ არავის ვაიძულებთ, რომ დამატებითი სამუშაო შეასრულონ, ეს არის ურთიერთშეთანხმებით, ხელშეკრულებით. სრული სამუშაო განაკვეთი 12-საათიანია, მაგრამ კანონს არ ვარღვევთ და ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურებადია. ამ ადამიანებმა იციან ეს, იციან როდის აქვთ განაკვეთური და როდის ზეგანაკვეთური სამუშაო.

შესვენება და მობილური ტელეფონები

ბრალდება: სამუშაო დღეს შესვენების დრო განისაზღვრება 1-1.5 საათით (რაც დამოკიდებულია დასაქმებულის დაკავებული პოზიციით), ამ პერიოდის განმავლობაში, თანამშრომლებს აუკრძალეს მობილური ტელეფონებით სარგებლობა, რითაც ისინი ფაქტობრივად მოწყვიტეს გარესამყაროს, ვინაიდან მათ ყავთ შვილები, ქმრები, ცოლები, მშობლები, რომელთაც ვერანაირი საშუალებით ვერ დაუკავშირდებიან 12 საათის განმავლობაში.

პასუხი: ეს არის სრული სიცრუე. შესვენების დროს ამ ადამიანებს შეუძლიათ გამოიყენონ ტელეფონი. სამუშაო დროს ტელეფონის გამოყენება აკრძალული აქვთ.

ჯარიმები

ბრალდება: ინვენტარიზაციის შემდეგ გათვალისწინებული იყო, რომ თანამშრომლებს დააკლდებოდათ ხელფასის 20%, რეალურად, თანამშრომლებს ხელფასიდან დაექვითათ 50% და ზოგიერთს მეტიც. მაგ. ერთ-ერთ თანამშრომელს, რომელსაც ზედმეტად ნამუშევარი საათების სანაცვლოდ 404 ლარი უნდა დარიცხვოდა ანაზღაურების სახით, ინვენტარიზაციის შემდგომ დაურიცხეს 185 ლარი. თანამშრომლებს ვერავინ გასცა პასუხი თუ რატომ დაერიცხათ ზემოთ ნახსენები მცირე ოდენობის ხელფასები, სავარაუდო მიზეზად მათ მიმართ არსებული ჯარიმები დასახელდა, თუმცაღა მათ ვერ შეძლეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტის ან რაიმე საბუთის წარდგენა. ფილიალის მენეჯერის საბოლოო პასუხი კი "არვიცი" და კაბინეტის კარის "მიჯახუნება" იყო.

პასუხი: არ შეესაბამება სიმართლეს. იმ ადამიანებს, რომლებმაც დაარღვიეს შინაგანაწესი, ჰქონდათ დისციპლინარული სასჯელი, რაც გამოიხატება იმაში, რომ დააგვიანეს სამსახურში, მომხმარებლებს არ მოემსახურნენ კარგად, არ მიაქციეს ყურადღება, პროდუქციას ფასები დაადეს არასწორად და მომხმარებლები შეიყვანეს შეცდომაში და ა.შ., მათ ჰქონდათ დისციპლინარული სასჯელები, დაჯარიმდნენ ხელფასის გარკვეული ოდენობით, რომელზეც თვითონვე ჰქონდათ ინფორმაცია. იციან რა დარღვევის გამო რა სასჯელია. თუ დარღვევა დიდია, შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდნენ. თუ აქვთ სურვილი, შეუძლიათ მოგვმართონ და მივაწვდით ინფორმაციას დაჯარიმების მიზეზის შესახებ. თითოეული მათი გადაცდომა ფიქსირებული იყო, გვაქვს შიდა კამერები.

"ხელოვნური დანაკლისები"

ბრალდება: ქმნიან ხელოვნურ დანაკლისებს, რისი ანაზღაურებაც თანამშრომლების ხელფასიდან ხდება, მაგ. სალაროზე ტარდება ყველანაირი შტრიხ-კოდი, არ არსებული, მიუთვლელი, რაც იწვევს არასწორ ფასებში პროდუქციის გატარებას და მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას. ვადაგასული პროდუქციის უმეტესობას უკან არ/ვერ აბრუნებენ და ამ დანაკლისის ანაზღაურება თანამშრომელთა ხელფასებიდან გარკვეული თანხის ჩამოჭრით ხორციელდება.

პასუხი: ეს რაღაც არალოგიკური ბრალდებაა. თითოეული თანამშრომელი პასუხისმგებელია თითოეულ პროდუქტზე. მათ მილიონობით ლარის პროდუქცია ბარდებათ და უნდა მიაქციონ ყურადღება. ხელოვნური დანაკლისი როგორ უნდა შექმნას კომპანიამ, ვერ წარმოგვიდგენია. ვერ ვხვდებით რას გულისხმობენ. პროდუქციისთვის ფასების სწორად დადებაც მათი მოვალეობაა, ყოფილა შემთხვევები, როცა დაადეს არასწორი ფასი და მომხმარებელი იყო უკმაყოფილი. ამის გამო ისინი ჯარიმდებიან, რადგან თავიანთი სამუშაო არ შეასრულეს და მომხმარებელი შეიყვანეს შეცდომაში. ყველაფერი დაფიქსირებულია, გამოძიებულია და შემდეგ ვრცელდება სანქციები. თითოეული პროდუქტის ვადებს ძალიან მკაცრად ვაკონტროლებთ. იმაზე, რომ თაროზე არ იდოს ვადაგასული პროდუქცია, პასუხისმგებელია თანამშრომელი. ეს ჩვენთვის განსაკუთრებით სენსიტიური თემაა და თუ თანამშრომელს შეეშალა, შენიშვნასაც მიიღებს და დაჯარიმდება კიდეც.

საახალწლო დღეებში მუშაობის ანაზღაურება

ბრალდება: საახალწლო დღეებში თანამშრომლები აიძულეს ემუშავათ 12 დღე დასვენების გარეშე, დღეში 12 საათი, რისი ანაზღაურებაც დამატებით 40 ლარის ნაცვლად მოხდა 18 ლარით.

პასუხი: ზუსტად თანხებს ვერ გეტყვით, ინდივიდუალურია. არავის შევპირებივართ კოლოსალურ თანხას, რაც ეკუთვნოდათ იმას შევპირდით და ის ჩაერიცხათ.

ქურთუკის ამბავი

ბრალდება: პერსონალის მიმართ ჯარიმების რაოდენობა არის არაადეკვატური, 10 ლარიდან 100 ლარამდე. მაგ, თანამშრომელი, რომელიც ე.წ გასახდელში ქურთუკს დაკიდებს საკიდზე და არა კარადაში ჯარიმდება 20 ლარით. მოლარეები, რომელთაც სალაროზე ექნებათ "მეტობა" , ჯარიმდებიან ამ თანხის გაორმაგებული ოდენობით.

პასუხი: ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. ჩვენ თანამშრომლებს ვაჯარიმებთ დისციპლინარულ დარვევებზე და არა ქურთუკის დაკიდებაზე. არ ყოფილა მსგავსი შემთხვევა. ვაჯარიმებთ მხოლოდ იმის გამო, რაც ეხება მათი სამუშაოს შესრულებას. თუ ვინმეს აქვს მსგავსი პრეტენზია, მოვიდეს და მივცემთ საბუთს, რომ მსგავსი ფაქტი არ ყოფილა. ყველაფერი ფიქსირდება და თუ მიიჩნევენ, რომ არასწორად დაჯარიმდნენ, შეგვიძლია ერთად განვიხილოთ, ვაჩვენოთ დარღვევის ფაქტები და თვითონ გადაწყვიტონ რამდენად სამართლიანი იყო. შეუძლიათ მიმართონ ხელმძღვანელობას და თავიდან განვიხილავთ რამდენად საფუძვლიანი ან არასაფუძვლიანი იყო ეს ჯარიმა. უსაფუძვლოდ არ ჯარიმდებიან არასდროს, ეს წამიერი პროცესი არ არის, ფაქტებით არის, ამაზე სხვადასხვა სამსახური მუშაობს.

ზეწოლა თანამშრომლებზე

ბრალდება: თანამშრომლების მიმართ ხორციელდება ზეწოლა. მაგ. ერთ-ერთი ფილიალის თანამშრომლების უმეტესობამ ნოემბრის თვეში გადაწყვიტა სამსახურიდან წასვლა, შესაბამისი განცხადების დაწერის საფუძველზე, თუმცაღა საოპერაციოს დირექტორმა ამის საშუალება არ მისცა მათ და დაემუქრა, რომ წასვლის შემთხვევაში დაუკავშირდებოდა სხვადასხვა კომპანიებს და ცუდ სტატუსს მიანიჭებდა მათ CV-ს.

პასუხი: ასეთი შემთხვევა არ ყოფილა. ჩვენთან დასაქმების საკმაოდ მაღალი მოთხოვნაა და ვისაც არ უნდა მუშაობა, თავისუფალია, დარჩენას არავის ვაიძულებთ.

"ფრესკოს" თანამშრომელთა ნაწილის სახელით განცხადება ფეისბუქის რამდენიმე გვერდზე გუშინ, 7 თებერვალს გავრცელდა. კომპანიის ოფიციალური გვერდის სახელით დაიწერა საპასუხო კომენტარიც, რომლის მიხედვით, ბოიკოტის გამოცხადება თანამშრომლების მიერ "საკუთარი შემოსავლისთვის და ჯიბეებისთვის ბოიკოტის გამოცხადებას წარმოადგენს". გარდა ამისა, კომპანიის პასუხში აღნიშნულია - "ფრესკოს“ თავისი ბინძური ხელებით ნურავინ ნუ შეეხება! ფრესკო ლუზერების გარეშე".

დღეს ცნობილი გახდა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული შრომის ინსპექცია სუპერმარკეტების ქსელის მოწმებას გეგმავს. "ფრესკო" თანამშრომელთა შრომითი ექსპლოატაციისა და იძულებით შრომის ნაწილში შემოწმდება.

კომენტარები