რუსთავი 2-ის საქმე

ლექვინაძე: მოსამართლე ნაზღაიძესთან მიმართებით ამ პროცესს მნიშვნელობა არ აქვს

ირაკლი ლექვინაძე
ტაბულა

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე რუსთავი 2-ის საქმის მოსამართლე ნატალია ნაზღაიძის ძმისთვის, ზვიად ნაზღაიძისთვის მერიის მიერ მილიონი ლარის გადაცემასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ "ამ პროცესს კონკრეტულ გვართან და მოსამართლესთან არანაირი მნიშვნელობა არ აქვს". მისივე თქმით, ზვიად ნაზღაიძის კუთვნილი მიწის ნაკვეთით ინვესტორი იყო დაინტერესებული.

"თბილისის მერიის მხრიდან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დოკუმენტაცია შედგენილია აბსოლუტურად სამართლებრივი წესების დაცვით და ჩარჩოებში. ამ მიწის ნაკვეთზე დაწყებული იყო გარკვეული აქტივობები, რომელიც გულისხმობდა იქ საინვესტიციო პროექტის განხორციელებას, იქ იყო ინვესტორის მხრიდან გარკვეული აქტივობები განხორციელებული. გადაწყვეტილება მიღებული იქნა არა იმ წესის მიხედვით, რომელიც იყო მოსახლეობასთან მიმართებით, ვინც საცხოვრისი დაკარგა.

აღნიშნული ქონება შეფასებული იქნა სამხარაულის ექსპერტიზის მიერ, დაახლოებით 972 000 ლარის მოცულობით. აღნიშნული ღირებულების სანაცვლოდ მეპატრონის მიმართ გამოიყო ალტერნატიული მიწის ნაკვეთი, რომელიც არის დაახლოებით 5 000 კვ.მ. სანდრო ეულის ქუჩაზე, ღირებულებით დაახლოებით 515 000 ლარი. დარჩენილი სხვაობა ანაზღაურებულ იქნა საბანკო ანგარიშზე. სამართლებრივ ნაწილში აღნიშნულ პროცესს პრობლემა არ აქვს, ამიტომ დაინტერესებულ მხარეებთან, იგივე საკრებულოსთან მიმართებით, ჩვენი სამსახურები მზად არიან, სამართლებრივ ნაწილზე განმარტებები გააკეთონ და კიდევ ერთხელ დეტალურად ახსნან, რა პროცესთან გვქონდა საქმე. რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, ბუნებრივია, არის რუსთავი 2-ის საკმაოდ მაღალი ინტერესის საგანი. არანაირი მნიშვნელობა კონკრეტულ გვართან და მოსამართლესთან მიმართებით ამ პროცესს არ აქვს", - განმარტა ლექვინაძემ.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ინფორმაციით, თბილისის მერიამ მოსამართლე ნატალია ნაზღაიძის ძმას მილიონი ლარი გადასცა. 2016 წლის 23 დეკემბრის დადგენილებით, მერიამ თბილისის ცენტრში მეტროსადგურ უნივერსიტეტთან 515 000 ლარად შეფასებული მიწის ნაკვეთი გადასცა, 130 000 კრედიტის დასაფარად, 43 000 დოლარი სხვა საბანკო ვალდებულებების გასასტუმრებლად, 220 000 ლარს კი ჩაურიცხავს იმ ანგარიშზე, რომელსაც ზვიად ნაზღაიძე დაასახელებს.

კომენტარები