BMW 230 ათას ავტომობილს ტექნიკური ხარვეზის გამო უკან გაიწვეს. კომპანიამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც აღმოაჩინა, რომ ამ ავტომობილებში დეფექტური საავარიო ბალიშებია დამონტაჟებული.
დეფექტური აირბაგები BMW-ემ იაპონური კომპანია Takata-სგან შეიძინა, აღნიშნული კომპანიის აირბაგები უკვე არაერთხელ გახდა ათასობით ავტომობილის უკან გაწვევის და მათში ახალი საავარიო ბალიშების დამონტაჟების მიზეზი. ავტომობილების გაწვევა აშშ-ს ბაზარს შეეხება.
გაწვევა შეეხება: 2001-2002 წლებში გამოშვებულ X5-ებს, 2000-2002 წლებში გამოშვებულ 3-ე სერიის ავტომობილებს და 2001-2003 წლებში გამოშვებულ 5-ე სერიის ავტომობილებს.
Takata-ს გაუმართავი აირბაგები ავარიის მიზეზიც გამხდარან, Bloomberg-ის ცნობით, ბალიშების მოულოდნელი აფეთქების შედეგად 17 ადამიანია გარდაცვლილი.
BMW-ს ცნობით ჯამში დეფექტური საავარიო ბალიშები დაახლოებით 1.5 მილიონ ავტომიბილშია დამონტაჟებული.
Takata-ს ბალიშების გამო Honda-მ 6 მილიონამდე ავტომობილი გაიწვია.