ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანის თქმით, უვიზო მიმოსვლის დამტკიცებით ევროკავშირმა აჩვენა, რომ დანაპირებს ასრულებს. ამის შესახებ ევროკომისარი Twitter-ზე წერს.
"სასიამოვნო სიახლე საქართველოს მოქალაქეებისთვის. ვიზალიბერალიზაციის მინიჭება გვაჩვენებს, რომ ევროკავშირი დანაპირებს ასრულებს",- წერს ჰანი.
იოჰანეს ჰანის რწმუნებით, ევროკავშირის საბჭო გააგრძელებს ამ პროცესს.
"მე დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირის საბჭო გააგრძელებს ამ პროცესს, იმისათვის რომ საქართველოს მოქალაქეებმა მალე შეძლონ უვიზო მიმოსვლით სარგებლობა",- აღნიშნავს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი.
ევროპარლამენტმა დღეს პლენარულ სესიაზე საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა. დღევანდელი კენჭისყრის შემდეგ, უვიზო მიმოსვლის შესახებ რეგულაცია ფორმალურად უნდა დაამტკიცოს ევროკავშირის საბჭომ. ამის შემდეგ საკანონმდებლო ცვლილებას ხელს მოაწერს ევროპარლამენტის პრეზიდენტი და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელი, რის შემდეგაც, რეგულაცია ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება და 21 დღეში ამოქმედდება.