ვიზალიბერალიზაცია

ჯანელიძე ვიზალიბერალიზაციაზე: ეს არის ჩვენი კურსის დადასტურება

ტაბულა

საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მხარდაჭერა შეაფასა. ჯანელიძის თქმით, ეს არის "ჩვენი კურსის დადასტურება".

"როგორც მოგეხსენებათ, ევროპარლამენტის დეპუტატებმა 553 ხმით 66-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირეს საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას და დაამტკიცეს შესაბამისი რეგულაციის ცვლილება, რომლის თანახმადაც საქართველო ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მიმოსვლის მქონე ქვეყნების სიაში გადაინაცვლებს. ამით პროცესი არ სრულდება. კიდევ არის დარჩენილი რამდენიმე ტექნკური ეტაპი. ამ ეტაპის გავლის და ოფიციალურად გამოქვეყნების შემდეგ ეს რეჟიმი ამოქმედდება.

მე მინდა ხაზი გავუსვა დღევანდელი გადაწყვეტილების მნიშვნელობას იმ მიმართულებით, რომ დღეს, ყველამ ერთად დავინახეთ, თუ რამხელა მხარდაჭერა აქვს საქართველოს ევროკავშირის და ევროპული პარტიების მხრიდან, როგორ ფასდება საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული შრომა და ყველა ის რეფორმა, რომელიც განხორციელდა ვიზალიბერალიზაციის პროცესში და არამხოლოდ - რომელიც ხორციელდება ევროინტეგრაციის პროცესში. ყველა ის ნაბიჯი, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს ევროპულ მომავალს. ჩვენ დავინახეთ ცალსახა, ძალიან მკაფიო მხარდაჭერა ევროკავშირის საქართველოს ევროპული ინტეგრაციისადმი. ეს არის დადასტურება ჩვენი კურსის, ეს არის დადასტურება ჩვენი ქმედებების და წარმატების ამ გზაზე. ჩვენ, ყველა ჩვენს მოქალაქეს ვულოცავთ ამ მნიშვნელოვან პროგრესს. ჩვენი ევროპული ინტეგრაცია ვერ იქნება, თუ არ იქნება მხარდაჭერა ჩვენი მოსახლეობის, სამოქალაქო საზოგადოების და ყველა იმ სამთავრობო უწყების მხრიდან, რომელიც ჩართულია ამ პროცესში. ჩვენ გვაქვს მხარდაჭერა და მზაობა, რომ გაგრძელდეს ყველა ის რეფორმა, რომელიც ემსახურება საქართველოს ევროპულ მომავალს", - თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ჯანელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე ასევე განმარტა, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაცია.

"დღევანდელი გადაწყვეტილებით საფუძველს ვუდებთ პრაქტიკულ შედეგებს ჩვენი მოსახლეობისთვის. მოგეხსენებათ, რომ 2016 წელს მივიღეთ ასოცირების შეთანხმების სრული ამოქმედება, მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების. უვიზო მიმოსვლით ჩვენი ყველა ბიზნესმენი თუ მეწარმე უფრო მარტივად შეძლებს, უფრო მარტივად მიიღოს მონაწილეობა ევროპულ გამოფენებში, უფრო მარტივად გაიტანოს ჩვენი პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე, დაამყაროს ბიზნესკონტაქტები. ასევე, შესაძლებელი იქნება კულტურის სფეროს წარმომადგენლებისთვის, უფრო მარტივად მიიღონ მონაწილეობა ყველა იმ ღონისძიებაში, რომელიც ევროპის მასშტაბით იმართება. ხელს შეუწყობს სამეცნიერო კავშირებს, თანამშრომლობას, ხალხთა შორის კონტაქტებს", - ამბობს ჯანელიძე და აღნიშნავს, რომ "ეს გადაწყვეტილება არის პრაქტიკული შედეგის მომტანი და მატარებელი ჩვენი მოქალაქეებისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ. ეს შესაძლებლობა ხელმისაწვდომია მათთვისაც. ჩვენ გვინდა, რომ არა მხოლოდ ვიზალიბერალიზაცია, არამედ ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღებული ყველა სარგებელი იყოს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის".

553 მომხრე და 66 წინააღმდეგი - ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა. 28 დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შევიკავა.

რეგულაციის ცვლილების საბოლოო ტექსტი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას ითვალისწინებს, ევროპარლამენტის LIBE-ს კომიტეტმა 2 იანვარს დაამტკიცა. ცვლილებების პროექტი 2016 წლის დეკემბერში შეთანხმდა ევროკომისიას, ევროპარლამენტსა და ევროკავშირს შორის.

დღევანდელი კენჭისყრის შემდეგ, უვიზო მიმოსვლის შესახებ რეგულაცია ფორმალურად უნდა დაამტკიცოს ევროკავშირის საბჭომ. ამის შემდეგ საკანონმდებლო ცვლილებას ხელს მოაწერს ევროპარლამენტის პრეზიდენტი და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელი, რის შემდეგაც, რეგულაცია ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება და 21 დღეში ამოქმედდება.

საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში უვიზოდ მოგზაურობას გაზაფხულზე შეძლებენ. მათ ევროკავშირის 22 წევრ და ოთხ არაწევრ ქვეყანაში 180 დღის მანძილზე 90 დღით ყოფნის შესაძლებლობა ექნებათ.

 

კომენტარები