ხანძარი

10 ბაზრობა, რომელიც ბოლო წლებში საქართველოში დაიწვა

ორი დღის წინ, გვიან ღამით გაჩენილი ხანძრის შედეგად, "ბავშვთა სამყარო" და ე.წ. საბითუმო ბაზარიმთლიანად დაიწვა. ბაზრობებზე ხანძრები არცთუ იშვიათად ჩნდება, მიზეზად, ძირითადად, ელექტროენერგიის სისტემის გაუმართაობას ასახელებენ, ზოგჯერ კი, გამოძიების ინფორმაციით, ცეცხლი სხვადასხვა სავაჭრო ნივთიერებას გაუფრთხილებლობით უჩნდება. გთავაზობთ ბოლო ხუთი წლის მანძილზე საქართველოში ბაზრობებზე გაჩენილ 10 ხანძარს.

ლილოს ბაზრობა, 2012 წლის 15 ნოემბერი

ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილმა ხანძარმა 30-მდე სავაჭრო ობიექტი მთლიანად გაანადგურა. დაიწვა 500 კვადრატული მეტრი ფართობი. 


ფოტო: რადიო თავისუფლება

სავაჭრო ცენტრი "საბა", 2013 წლის 26 თებერვალი

დაიწვა 6 500 კვადრატული მეტრი ფართი. სავაჭრო ცენტრის მეორე სართული სრულად განადგურდა. ზარალმა რამდენიმე მილიონი ლარი შეადგინა. 


ფოტო: News.ge

სენაკის ბაზრობა, 2014 წლის 25 აგვისტო

ხანძარი სენაკის აგრარულ ბაზრობაზე გვიან ღამით გაჩნდა. დაიწვა 3 000 კვადრატული მეტრის ტერიტორია. განადგურდა 250-მდე მოვაჭრის საქონელი.


ფოტო: პირველი არხი

ე.წ. ბოშების ბაზრობა, 2014 წლის სექტემბერი

ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. ბოშების ბაზრობაზე დაახლოებით 2 500 კვადრატული მეტრი დაიწვა.


ფოტო: გიორგი დიასამიძე / ნეტგაზეთი

2014 წლის 7 დეკემბერი, ბათუმი, ხოფის ბაზრობა

ხანძარი საახალწლო ფოიერვერკების მაღაზიას გაუჩნდა, რის შემდეგაც ცეცხლი სხვა მაღაზიებზეც გადავიდა. შედეგად ორი მოვაჭრე დაიღუპა. ასევე, დაიწვა 50-მდე მაღაზია.


ფოტო: ზურა ბალანჩივაძე / Zurriuss.ge

2014 წლის 27 დეკემბერი, ელიავას ბაზრობა

ელიავას ბაზრობაზე ცეცხლი ძველი ავტომობილების ნაწილების ჯიხურებს გაუჩნდა. დაიწვა დაახლოებით 150 კვ.მ ფართობი. ხანძრის შედეგად საბურავები და ავტომობილის ძველი ნაწილები დაიწვა.

2015 წლის 21 იანვარი, ისნის ბაზრობა

ცეცხლი ბაზრობის იმ ნაწილს გაუჩნდა, სადაც ავტონაწილებით ვაჭრობენ. დაიწვა 15-მდე მაღაზია.


ფოტო: ინტერპრესნიუსი

ელიავას ბაზრობა, 2015 წლის 4 აგვისტო

ცეცხლი საღებავების საწყობს გაუჩნდა. ხანძრის ლიკვიდაციაში ვერტმფრენი იყო ჩართული.


ფოტო: ნეტგაზეთი

2016 წლის 2 აგვისტო, ზესტაფონის ე.წ. შავი ბაზარი

ცეცხლი ე.წ. შავ ბაზარში მდებარე სავაჭრო ობიექტებს ღამით გაუჩნდა. დაიწვა დაახლოებით ათასი კვადრატული მეტრი ფართობი. 


ფოტო: zestaponi.ge

2017 წლის 30 იანვარი, "ბავშვთა სამყარო" და ე.წ. საბითუმო ბაზარი

წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ბაზრის ტერიტორიაზე გაჩნდა და შემდეგ, ბავშვთა სამყაროს შენობას მოედო. მთლიანად დაიწვა სავაჭრო ცენტრი და ბაზრის ტერიტორია. ამ დროის მონაცემებით, ხანძარს მხოლოდ ოქროს საცავში შენახული ძვირფასეულობა გადაურჩა. თბილისის მერია შენობის დემონტაჟს აპირებს.


ფოტო: ტაბულა

კომენტარები