მამუკა ახვლედიანის საქმე

სააპელაციომ ახვლედიანის საჩივარი თანამდებობიდან გადაყენებაზე არ დააკმაყოფილა

მამუკა ახვლედიანი
ipress.ge

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, მამუკა ახვლედიანის სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენება კანონიერი იყო.

მამუკა ახვლედიანი აპირებს, ჯერ უზენაესს, შემდეგ კი სტრასბურგის სასამართლოს მიმართოს.

"მართლა სასაცილოა, სამართალს ვეძებ და მოვდივარ სასამართლოში, სადაც ხელმძღვანელი პირები არიან - სააპელაციო სასამართლოში ცერცვაძე და მურუსიძე. ახლა გასაჩივრებას ვაპირებ მესამე ინსტანციაში, სადაც დამხვდებიან ჩინჩალაძე და გვენეტაძე. ეს ყველაფერი არის მასკარადი, რომელშიც მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ, თუმცა პროცედურულად ამ ყველაფერს გავივლი, რათა სტრასბურგის სასამართლოს მივმართო. სააპელაციო სასამართლოს მიერ სხვა გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, დღეს მოქმედი იუსტიციის უმაღლესი საბჭო სისხლის სამართლის წესით უნდა დასჯილიყო, რადგან გამოვიდოდა, რომ გადაწყვეტილება არაუფლებამოსილი ორგანოს მიერაა მიღებული. აქედან გამომდინარე, სხვა სახის გადაწყვეტილების მოლოდინი არ არსებობდა", - თქვა ახვლედიანმა.

მამუკა ახვლედიანი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სასამართლოს თავმჯდომარის პოსტიდან 2016 წლის 22 თებერვალს გადააყენა. 3 თებერვალს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მის მიმართ დისციპლინური დევნა დაიწყო. ახვლედიანს ეთიკის ნორმების დარღვევასა და სასამართლოს ავტორიტეტის შებღალვაში ადანაშაულებდნენ. საქართველოს სახალხო დამცველის დასკვნით და NGO-ების შეფასებით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მამუკა ახვლედიანი კანონის დარღვევით გაათავისუფლა.

კომენტარები