საქართველოს ბანკი: გალარების პროცესი იმაზე ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ველოდით

საქართველოს ბანკი

იპოთეკური სესხების გალარების აქცია 17 იანვარს დაიწყო. პროგრამა ორთვიანია და მასში 2015 წლამდე აღებული იპოთეკური სესხების ლარში კონვერტაციაა შესაძლებელი. ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ კომერციული ბანკების ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ პროგრამა იმაზე ნელი ტემპით მიმდინარეობს, ვიდრე ამის მოლოდინი არსებობდა.

საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის გიორგი ჭილაძის თქმით, გალარებაზე მოთხოვნა დაბალია.

"გალარების პროექტი იმაზე უფრო დაბალი ტემპით მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენი მოლოდინი იყო, რომ ამ პროდუქტს ექნებოდა მეტი გამოხმაურება მომხმარებლის მხრიდან, იმიტომ რომ ვთვლიდით, რომ მომხმარებლებს, რომლებსაც უცხოურ ვალუტაში აქვთ სესხი და ეროვნულ ვალუტაში შემოსავალი, მისი რისკების დასაზღვევად ნამდვილად საუკეთესო შემოთავაზებაა სესხის გალარება, მით უმეტეს, რომ შეღავათიანი კურსით ხდება კონვერტირება. ამიტომ ვფიქრობთ, რომ რადგანაც ორთვიანი ფანჯარაა, შეიძლება მომხმარებელი ელოდეს გალარებისთვის ბოლო მომენტს", - ამბობს ჭილაძე.

გალარების პროექტის მიმდინარეობის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე ქვეყანაში მოქმედ ყველა კომერციული ბანკის ხელმძღვანელს შეხვდა. შეხვედრის დასრულებიდან მალევე ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გალარების კალკულატორი გამოჩნდა, რომლის მეშვეობითაც პროგრამის პოტენციურ კლიენტებს შეუძლიათ გამოთვალონ, უღირთ თუ არა სესხების ლარში კონვერტაცია.

გალარების პროგრამა დაახლოებით 27 ათას მსესხებელს ეხება, იგი ორი კვირის წინ დაიწყო და ამ პერიოდში იპოთეკა დაახლოებით 400-მა მსესხებელმა გაალარა - ეს კი პროგრამის პოტენციური მომხმარებლების მხოლოდ 1.4%-ია.

TBC ბანკის გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის თქმით, ბანკში არსებობს მოლოდინი, რომ თებერვალში გალარების მსურველთა რაოდენობა გაიზრდება. ბუცხრიკიძის თქმითვე, ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის 0.25%-ით გაზრდის შემდეგ ბანკში მრავალი კითხვა შედის, თუ რა ეფექტი ექნება ამას გალარებაზე.

VTB ბანკის გენერალური დირექტორის, არჩილ კონცელიძის თქმით კი, კობა გვენეტაძესთან შეხვედრა სწორედ იმ მიზნით გაიმართა, რომ პროგრამის დაჩქარებისთვის სათანადო გზები მოიძებნოს.

გალარება ჯამში $400 მილიონამდე ღირებულების სასესხო პორტფელს ეხება, პროგრამაში შეიძლება ჩაერთოს 27 ათასი მსესხებელი, მათი სესხების საშუალო მოცულობა $15 ათასია. 

ეს მსესხებლები სესხის ლარში გადაყვანის სუბსიდიას მიიღებენ, მაგალითად, თუ ახლა კურსი 2.73-ია, გალარებისას კურსი 2.53-ში იანგარიშება. კურსებს შორის არსებული 20-თეთრიანი სხვაობა "გალარების სუბსიდიაა", მასზე ცენტრალური ბიუჯეტიდან დაახლოებით 65 მილიონის დახარჯვა იგეგმება.

გალარების სუბსიდია არ შეეხება მაღალი შემოსავლების მქონე პირებს - ვისი წლიური შემოსავალიც 2015 წელს 100,000 ლარზე მეტი იყო ან ვისი სესხის ნარჩენი ოდენობა აღემატება 100 ათას აშშ დოლარს.

გალარების პროგრამას, სრულად ამოქმედების შემთხვევაში, ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვების დაახლოებით $400 მილიონით შემცირება შეიძლება მოჰყვეს.

გალარება ეხება მსესხებლებს, ბანკებში კი ეს სესხები ისევ დოლარის სესხად რჩება. მსესხებელთა მიერ გადახდილი ლარის სანაცვლოდ ბანკები დოლარის რესურსს მიიღებენ, რასაც მათ ეროვნული ბანკი შეღავათიან ფასად საკუთარი რეზერვებიდან მიაწვდის.

კომენტარები