თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის სამინისტრომ 2 250 თანამშრომელი გაათავისუფლა

თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის სამინისტრომ 2 250 თანამშრომელი გაათავისუფლა. ინფორმაციას ამის შესახებ უწყებაში ადასტურებენ. 

თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ნუკრი გელაშვილი ამბობს, რომ ეს პროცესი დაახლოებით, ორი თვის წინ დაიწყო. მისი თქმით, სამინისტრომ დაახლოებით, 32 მილიონამდე ლარი დაზოგა, რაც ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება. 

"მე შემიძლია ვთქვა, რომ ის დაანონსებული ოპტიმიზაციის პროცესი, ფაქტობრივად, დასრულებულია. ეს ერთპიროვნულად მიღებული გადაწყვეტილება არ ყოფილა, ეს იყო გარკვეული გუნდური გადაწყვეტილება. აქ ჩართული იყო, როგორც სამოქალაქო ოფისი, ასევე, გენერალური შტაბი, ჩვენი NATO-ელი, უცხოელი პარტნიორები და ექსპერტები," - განმარტა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებთან საუბრისას. 

გელაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ გათავისუფლებული თანამშრომლებისთვის, კომპენსაციის სახით, 5 მილიონ ლარზე მეტი გაიცა. 

სამინისტროდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა დღეს აქციაც გამართეს, სადაც თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას, გადადგომას მოითხოვდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ გათავისუფლებულთა ნაწილი წინასწარ არ იყო დათხოვნაზე ინფორმირებული, ნაწილს კი საკომპენსაციო თანხა არ ჩაერიცხა. აქციის მონაწილეების თქმით, აქცია პერმანენტული ხასიათის იქნება და საჭიროების შემთხვევაში, პროტესტის უკიდურეს ფორმას - შიმშილს მიმართავენ. 

"არავითარი კომპენსაცია. 179 ლარი დამირიცხეს ამ თვეში და მეორე თვეში, აღარაფერი იქნებაო. არავითარი მიზეზი, შტატი შემცირდაო და მიბრძანდით სახლშიო," - ამბობს აქციის მონაწილე, კონსტანტინე სილაგაძე.

თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება პარლამენტშიც შეაფასეს. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები თავდაცვის სამინისტროდან თანამშრომლების გათავისუფლებას NATO-ს რეკომენდაციას უკავშირებს, ხოლო უმცირესობის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ამ კონკრეტულ უწყებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები უფრო ფრთხილად უნდა იყოს მიღებული. 

"უპრინციპოდ და ხედვის გარეშე ხდება შეტევა თავდაცვის სამინისტროზე და განსაკუთრებული აღტკინებით ხდება ათასობით თანამშრომლის დათხოვნა უწყებიდან, სადაც განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოქმედებდეს ხელისუფლება," - ამბობს "მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" წევრი, ირაკლი აბესაძე. 

კომენტარები