აშშ

ტრამპმა მექსიკის საზღვარზე კედლის აშენების განკარგულება გამოსცა

Evan Vucci / AP

ოთხშაბათს, 25 იანვრის, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებებს, რომელთაგან ერთერთი აშშ-სა და მექსიკის საზღვრის გასწვრივ კედლის აშენებას ითვალისწინებს.

მექსიკის საზღვართან კედლის აშენება დონალდ ტრამპის ერთერთი მთავარი საარჩევნო დაპირება იყო.

საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებისკენ მიმართულ განკარგულებებს პრეზიდენტმა ხელი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტში გამართულ ცერემონიაზე მოაწერა. მათი მიხედვით, უნდა შეიქმნას მეტი დაკავების ცენტრი და გაიზარდოს სასაზღვრო კონტროლის აგენტების რაოდენობა. ასევე, ფედერალურ ფინანსებთან წვდომა შეეზღუდება დოკუმეტების არ მქონე ემიგრანტების “თავშესაფარ ქალაქებს“, ისეთებს, როგორიცაა ვაშინგტონი, ლოს-ანჯელესი და სან-ფრანცისკო.

„ჩვენ აღვადგენთ კანონის უზენაესობას აშშ-ში. დღეიდან შეერთებული შტატები საკუთარი საზღვრების კონტროლს იწყებს“ - თქვა ტრამპმა განკარგულებების ხელმოწერის შემდეგ.

ABC News-თან ინტერვიუში ტრამპმა თქვა, რომ კედლის მშენებლობა მაშინვე დაიწყება, როგორც კი ეს ფიზიკურად შესაძლებელი გახდება, შესაძლოა, რამდენიმე თვეშიც. თუმცა, ამ პროექტის დასაფინანსებლად, რასაც ათობით მილიარდი დოლარი სჭირდება, ტრამპს კონგრესის თანხმობა ესაჭიროება.

კამპანიის დასაწყისში ტრამპი ამბობდა, რომ კედლის საფასურს მექსიკა გადაიხდიდა. მოგვიანებით მან თქვა, რომ პროექტის დასაჩქარებლად, ის აშშ-ის ფულით დაიწყებოდა.

ABC News-თან ინტერვიუში ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ამერიკელ გადასახადის გადამხდელებს ამ ხარჯებს მექსიკის მთავრობა აუნაზღაურებს.

ტრამპი მექსიკის პრეზიდენტს თეთრ სახლში მომავალ კვირას ხვდება.

გარვცელებული ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ტრამპი სხვა განკარგულებებსაც გამოსცემს, რომლებიც მუსლიმური ქვეყნებიდან ლტოლვილებსა და ემიგრანტებისთვის ახალ შეზღუდვებს დააწესებს.

კომენტარები