დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი დოლართან მიმართებით სამი თვის მინიმუმამდე გაუფასურდა, ამჟამად ერთი ფუნტის ღირებულება $1.2 დოლარია.
გაუფასურების მიზეზი BREXIT-თან დაკავშირებით პრემიერმინისტრ ტერეზა მეის მოსალოდნელი განცხადებაა. ქვეყანა დღეს სავარაუდოდ, საქონლისა და მომსახურების ერთიანი ევროპული ბაზრის დატოვების შესახებ განაცხადებს.
ფუნტის გაუფასურებას შედარებით საიმედო აქტივების - ოქროს, აშშ-ის სახაზინო ობლიგაციებისა და იაპონური იენის გამყარება მოჰყვა.
ფუნტის გაუფასურებას ბაზარზე არსებული გაურკვევლობა იწვევს, ამ დრომდე უცნობია, თუ რა მასშტაბის იქნება ევროკავშირ-ბრიტანეთის "გაყრა", თუმცა სავარაუდოდ ის პრაქტიკულად ყველა შესაძლო მიმართულებით გავრცელდება.
ევროკავშირის ერთიანობა რამდენიმე ძირითადი ხელშეკრულებისა და შეთანხმების ერთობას ეფუძნება - ესენია:
- ევროპული ეკონომიკური ზონა EEA (მოიცავს ევროკავშირის ყველა ქვეყანას და EFTA-ს სამ ქვეყანას შვეიცარიის გარდა)
- ევროპული თავისუფალი ვაჭრობის ზონა EFTA (მოიცავს თავისუფალ სავაჭრო სივრცეს, ევროკავშირსა და ევროკავშირის რამდენიმე არაწევრ სახელმწიფოს: შვეიცარიას, ნორვეგიას, ლიხტენშტაინსა და ისლანდიას შორის)
- ევროკავშირის საბაჟო კავშირი EUCU (მოიცავს ევროკავშირის ყველა ქვეყანას და თურქეთს)
- ევროზონა (მოიცავს ევროკავშირის 19 ქვეყანას, ბრიტანეთი არ შედის მასში)
- შენგენის ზონა (მოიცავს 26 ქვეყანას, ბრიტანეთი არ შედის მასში)