საპარლამენტო უმცირესობა

საპარლამენტო უმცირესობას ორი ფრაქცია ექნება

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან წასულ 21 დეპუტატს პარლამენტში ორი ფრაქცია - "ევროპული საქართველო" და "ევროპული საქართველო უკეთესი მომავლისთვის" ექნება.

ევროპულ საქართველოს სერგო რატიანი უხელმძღვანელებს, მეორეს კი ელენე ხოშტარია. ისინი საპარლამენტო უმცირესობის სტატუსს ინარჩუნებენ.

ასევე, გამომდინარე იქიდან, რომ ფრაქციის "საქართველოს წინსვლისთვის"(ამჟამად ევროპული საქართველო უკეთესი მომავლისთვის) ორი დეპუტატი, რომან გოცირიძე და სალომე სამადაშვილი ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში დარჩნენ, ფრაქციის შექმნისთვის აუცილებელი რაოდენობის(ექვსი) გამო, მათ ადგილს თენგიზ გუნავა და ირაკლი აბესაძე დაიკავებენ. 

დეპუტატ აკაკი ბობოხიძის თქმით, საპარლამენტო უმცირესობის წევრად კვლავ ყველა რჩება, მათ შორის, ნიკა მელია და თინა ბოკუჩავა და მათ საპარლამენტო უმცირესობის დატოვების შესახებ განცხადება თავად უნდა გააკეთონ.

21-მა დეპუტატმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გუშინ დატოვა. ისინი ახალ პარტიას შექმნიან. ჯერჯერობით გაურკვეველია, რა პოზიციას იჭერს დეპუტატი აზერ სულეიმანოვი.

კომენტარები