ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ნიკა მელია ფიქრობს, რომ ე.წ. უგულავა-ბოკერიას ფრთა არასამთავრობო ტიპის გაერთიანებას უფრო დაემსგავსება, ვიდრე პოლიტიკურ პარტიას.
"ბუნებაში არ მოიძებნება ნაციონალური მოძრაობის 7000 წევრი, რომელიც მხარს დაუჭერს გიგა ბოკერიას და მისთვის სასურველი შედეგი დადგება ყრილობაზე. აქედან გამომდინარე, მან დაახლოებით ერთი თვის წინ გადაწყვიტა, რომ პარტია დაეტოვებინა. ძალიან სამწუხაროა, რომ ჯგუფი დატოვებს ნაციონალურ მოძრაობას. ახლა გვაქვს ინფორმაცია, რომ ხალხი ჩამოჰყავთ სამცხე-ჯავახეთიდან, ქუთაისიდან და სხვადასხვა რაიონიდან, რათა წარმოჩნდნენ, თითქოს ბევრნი არიან. მე მათ ნაწილს ვუსურვებ წარმატებას იმ გზაზე, რომელსაც ისინი თავად ირჩევენ, მაგრამ ჩემი ღრმა რწმენით, ეს იქნება გაერთიანება, რომელიც უფრო დაემსგავსება არასამთავრობო ტიპის გაერთიანებას, ვიდრე პოლიტიკური პარტიის რაიმე ნიშანწყალი ექნება. მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, ვინაიდან ძალიან კარგად ვიცნობ ბოკერიას", - ამბობს მელია.
ნიკა მელია გიგა ბოკერიას აკრიტიკებს და მასთან კითხვები აქვს.
"რა თქმა უნდა, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ იგი რაიმენაირად კავშირშია ბიძინა ივანიშვილთან, ამას გამოვრიცხავ, მაგრამ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა უკანასკნელ პერიოდში. მათ შორის, მე მაქვს ბევრი ინფორმაცია, ბევრი კითხვის ნიშანი და ამდენი შემთხვევითობის, უბრალოდ, არ მჯერა. ცხოვრებაში არის ვითარებები, როდესაც აგური რომ თავზე დაგეცეს, შემთხვევითობას ვერ აბრალებ და ამას სჭირდება ახსნა-განმარტება, რომელიც არცერთ მათგანს არ მიუცია საზოგადოებისთვის.
როდესაც ძლიერ გაერთიანებას ტოვებ, თან იძახი, რომ ბიძინა ივანიშვილს მინდა ვებრძოლო და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი მინდა ჩამოვშალოო, ბუნებრივია, მე კითხვის ნიშნები მაქვს. ყველაზე საუკეთესო პლაცდარმი არის ის პოლიტიკური გაერთიანება, რომელსაც ჰყავს ნახევარი მილიონი მხარდამჭერი და ეს არის საუკეთესო საშუალება, ებრძოლო ამ პარტიის ფარგლებში ივანიშვილს. როდესაც გადიხარ ერთი პატარა ჯგუფი და იძახი - იცით რა, მე მზად ვარ ვებრძოლო ივანიშვილს, ჩემი აზრით, ეს არის ფუჭი ამოცანა, რომელიც მათ დაისახეს. მე კითხვას ვუსვამ ბოკერიას, რატომ აკრიტიკებდა იმ ჯგუფს, რომელიც გავიდა გირჩებში და მათ, ვინც შეუერთდა გიორგი ვაშაძეს. პრაქტიკულად, ბოკერიამ მოღალატეებად შერაცხა ვაშაძეც და გირჩებიც, რომლებმაც დატოვეს ნაციონალური მოძრაობა. რაიმე სხვა გააკეთა დღეს გიგა ბოკერიამ? ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არის ის პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც უბრალოდ ძილს უფრთხობს ბიძინა ივანიშვილს და მის არაფორმალურ მმართველობას", - თქვა მელიამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს 15:00 საათზე ენმ-ში საგანგებო განცხადება კეთდება.




