ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ნიკა მელია გიგი უგულავას განცხადებებს პასუხობს.მელიამ პალიტრანიუსის ეთერში თქვა, რომ უგულავა ციხიდან გამოვიდა არა როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი, არამედ, როგორც სხვა პარტიის წევრი, სადაც "ბოკერიას ჯგუფი გადადის". ნიკა მელიამ უგულავა ბიძინა ივანიშვილს შეადარა და აღნიშნა, რომ ივანიშვილის რამდენიმე თვის წინანდელი განცხადებებით, ენმ რადარებიდან არის გამქრალი, "ხოლო ახლა უგულავა ამბობს, რომ პარტია თითქოს დანგრეულია".
"გიგი უგულავამ ძალიან საწყენი და, ჩემი აზრით, არაკორექტული და უხერხული რამ განაცხადა - ადამიანი გუშინ საუბრობდა, რომ შემრიგებელი ვარო და დღეს თქვა, პარტია დანგრეულიაო. ორი დღის წინ ციხიდან გამოსული ადამიანი მივიდა ჯერ კიდევ ნაციონალური მოძრაობის ოფისში და იქიდან იძლევა კომენტარს, რომ ენმ დანგრეულია. რამდენიმე თვის წინ ბატონი ივანიშვილი საუბრობდა, რომ რადარებიდან არის გამქრალი ნაციონალური მოძრაობა და დღეს გამოჩნდა უგულავა, რომელიც საუბრობს, რომ თითქოს დანგრეულია პარტია. ამდენი შემთხვევითობის არ მჯერა. გუშინ საუბრობდა, რომ შემრიგებელი ადამიანი ვარ, მინდა მიშას ვესაუბრო, სხვადასხვა მხარეს ვესაუბროო...
გიგი უგულავა რომელი შემრიგებელი უნდა ყოფილიყო, როდესაც დღეს იძახის პარტია დანგრეულიაო. 2 დღის გამოსულია ციხიდან და დღეს აღმოაჩინა... ადამიანს მიღებული აქვს გადაწყვეტილება უკვე დიდი ხანია. ის ადამიანი არ გამოსულა ციხიდან, როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, გამოვიდა, როგორც რომელიღაც ახალი პარტიის წევრი, სადაც გადადის ბოკერიას ჯგუფი, იქ მიყვება გიგი უგულავაც. გუშინ ჯერ კიდევ აკეთებდა განცხადებას, მე ვიცოდი, რომ ის არ იყო გულწრფელი, როდესაც საუბრობდა, რომ იყო შემრიგებელი, მაგრამ სულ რაღაც 24 საათში მან ეს დაადატურა. გუშინ საღამოს არ იცოდა, რომ პარტია დანგრეული იყო, თუ დავუშვათ დანგრეულია?",- თქვა ნიკა მელიამ.
ენმ-ის დეპუტატის შეფასებით, "ის, რაც ბოლო დღეების განმავლობაში იკადრა ბოკერიას გუნდმა, სწორედ ეს არ მოსწონდა ჩვენი საზოგადოების ნაწილს წლების განმავლობაში, როდესაც ენმ ხელისუფლებაში იყო. ბოკერიამ და მისმა გუნდმა პარტიის ფარგლებში არსებული ყველა ბერკეტი გამოიყენეს, რათა დაესაჯათ თავიანთი თანაგუნდელები, რომლებმაც თქვეს, რომ "არ გეთანხმებით", ამოშალეს სიიდან, გაყარეს ცენტრალური ოფისიდან".
ცნობისთვის, თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ თქვა, რომ "პარტიის ერთიანობის შენარჩუნების რესურსი, პრაქტიკულად, აღარ არის. არ ვადასტურებ არანაირ გაყოფას, რადგან პარტია გაყოფილი კი არა, დანგრეულია". ამასთან, უგულავამ ციხიდან გამოსვლის დღეს აღნიშნა, რომ აპირებდა როგორც მიხეილ სააკაშვილთან, ასევე "ბიბლიოთეკის უკლონისტებთან" თუ ნებისმიერ სხვა ჯგუფთან შეხვედრას.





