ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ნიკა მელია თვლის, რომ თუ პარტიას დეპუტატი წევრები გამოეყოფიან, ენმ მაინც შეძლებს საკანონმდებლო ორგანოში ფრაქციის ფორმირებას. ამის შესახებ მან "იმედის" ეთერში ისაუბრა.
კითხვას, გაქვთ გარანტია, რომ ფრაქციისთვის საკმარისი დეპუტატების რაოდენობა იქნება თქვენს მხარეს, მელია პასუხობს:
"ნამდვილად იქნება. ახლა ზუსტად ვერ გეტყვით. დადგება დრო, თავადაც ისაუბრებენ, თუ მიიღებენ გადაწყვეტილებას".
თუმცა, ნიკა მელია ფიქრობს, რომ დეპუტატი წევრები თუ პარტიას გამოეყოფიან, მათ საპარლამენტო მანდატები უნდა დათმონ.
შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ორგანოში ფრაქციის ფორმირებისთვის მინიმუმ 6 დეპუტატია საჭირო. მეცხრე მოწვევის პარლამენტში ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ამ დროისთვის, 27 დეპუტატი ჰყავს.





