ლარის გაუფასურება

ლარი დოლართან 2 თეთრით, ევროსთან კი 3 თეთრით გაუფასურდა

ტაბულა

4 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.6692 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6478 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის გამყარებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 2.14 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევროც, რომლის კურსი 2.7858 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7553 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 3.05 თეთრი შეადგინა.

ლართან მიმართებით გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.7455 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ბრიტანული ფუნტი და 3.2738 ლარი ეღირება.

ეროვნულმა ბანკმა დეკემბრის ბოლოს ლარის სწრაფი გაუფასურების შესაჩერებლად $40 მილიონი გაყიდა. სებ-მა მაშინ განცხადებაც გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ბანკი მზადაა, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ბერკეტები კურსის ჭარბი მერყეობის შესაჩერებლად. განცხადებაში ნათქვამია, რომ დღეს მოქმედი კურსი იმაზე მეტადაა გაუფასურებული, ვიდრე ამას "რაციონალური მოლოდინები განაპირობებს". სებ-ის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ბანკი ინფლაციური მოლოდინების ზრდის შემთხვევაში მზადაა, მონეტარული პოლიტიკა კვლავ გაამკაცროს.

სავალუტო ინტერვენცია ეროვნულმა ბანკმა წელს 24-ჯერ განახორციელა. სებ-მა იყიდა $278 მლნ აშშ დოლარი და გაყიდა 280 მლნ აშშ დოლარი. 

კომენტარები