სესხები

რა მიზანს ემსახურება სესხებზე განაკვეთის ჭერის შემოღება და რა ეფექტს მოიტანს ის

სესხის მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი 100% შეიძლება იყოს
ტაბულა

ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, ქვეყანაში სესხების საპროცენტო განაკვეთებს ერთიანი ჭერი დაუდგინდებათ, რომელიც წლიურ 100%-იან განაკვეთს შეადგენს. მთავრობის განმარტებით, ინიციატივის მიზანს კრედიტორთა დაცვა წარმოადგენს.

"მხარეთა შეთანხმებით, სესხისათვის, გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სესხისა, პროცენტის განსაზღვრის შემთხვევაში, გაცემული სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 100%-ს, მათ შორის, სესხის ვადის გაგრძელების შემთხვევაში. ამ ნაწილის მიზნებისათვის, არსებული სესხის ვადის გაგრძელებად მიიჩნევა სესხის დაფარვის შემდეგ ახალი სესხის გაცემა, თუ არსებული სესხის დაფარვიდან ახალი სესხის გაცემამდე არ არის გასული 5 სამუშაო დღე", - წერია სამოქალაქო კოდექსში შესატან ცვლილებათა პაკეტში.

რა არის მთავრობის ეკონომიკური არგუმენტი ამ ცვლილებების შემოღებისთვის

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის თქმით, რიგ შემთხვევებში ონლაინსესხებზე წლიური საპროცენტო განაკვეთები 3000% და 4000%-საც კი აღწევს, რის გამოც "უნდა გაკეთდეს რაღაც, რომ ასეთი პრაქტიკა აღარ იყოს".

ამ ცვლილებების განმარტებით ბარათში წერია, რომ რიგ შემთხვევებში მიკროსესხებში მათი მცირე ზომის გამო მოსახლეობა ვერ აცნობიერებს, თუ რა მაღალ პროცენტად სესხულობს თანხას, რასაც ხშირ შემთხვევებში "ადამიანური ტრაგედიაც მოჰყვება".

"დღეისათვის, როცა სესხებზე ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, დაბალი ფინანსური განათლების პირობებში მოსახლეობისათვის რთულად დასაგეგმი აღმოჩნდა საკუთარი ფინანსების მართვა. შედეგად, საკმაოდ ხშირად ჭარბვალიანობა და მასთან დაკავშირებული პრობლემები მოსახლეობისთვის საკმაოდ მწვავე პრობლემად იქცა.

ხარჯები, გამოხატული საპროცენტო განაკვეთებში, მაღალია და ზოგჯერ დაუფარავადაა მითითებული შესაბამის ვებგვერდებზეც, თუმცა მსესხებელს აღნიშნულ ხარჯის აღქმა უჭირს, რადგან სესხის თანხა, როგორც წესი, ძალიან მცირეა და შესაბამისად მცირე გამოდის საპროცენტო და საკომისიო ხარჯების მოცულობა აბსოლუტურ მნიშვნელობებში.

აღებული თანხის დაბრუნება, როგორც წესი, არ ხდება პირველივე ვადაში და მომხმარებლები მის გადავადებას ახდენენ მრავალჯერადად, დამატებითი საკომისიოების ხარჯზე. შედეგად, მომხმარებლის ხარჯები საკმაოდ მძიმდება, მას ყოველთვიურად აღებული თანხის 34-60%-ის გადახდა უწევს თანხისთვის, რომლის აღების მიზნობრიობა უკვე დიდი ხანია აღარც ახსოვს.

ვადაგადაცილების შემთხვევაში ხარჯებს ემატება პირგასამტეხლოც - ის, როგორც წესი, ვადაგადაცილებული თანხის მინიმუმ 1%-ს შეადგენს დღეში. საბოლოო ჯამში, მსესხებლის მიერ კრედიტორისთვის გადახდილი თანხა ან ვადაგადაცილებებისას მიმდინარე დავალიანება შეიძლება რამდენჯერმე აღემატებოდეს თავდაპირველად აღებული სესხის თანხას.

ერთი შეხედვით, პროდუქტი თავისთავად შეიძლება განვიხილოთ, როგორც საჭირო, რადგან ის ადამიანებს აძლევს ხელმისაწვდომობას ფინანსებზე და თან მათი საჭიროებისას მეგობრებისა და სხვა ნაცნობებისაგან სესხების უხერხულობისთვის თავის არიდების კარგი საშუალებაცაა, მაგრამ რეალობაში ძალიან ხშირად ის დიდი პრობლემებისა და ადამიანური ტრაგედიების საფუძველი ხდება.

პრობლემის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ნაწილობრივ გაუმჭვირვალე პირობების და მიზნობრივი სეგმენტის დაბალი ფინანსური განათლების პირობებში, „კეთილშობილი“ პროდუქტი თავისი მთავარი არსის საპირისპიროდ ტრანსფორმირდება და სწრაფი, მოკლევადიანი სესხის ნაცვლად სახეზე ვიღებთ გრძელვადიან სესხს შეუსაბამოდ მაღალი ხარჯებით.

შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა საკითხი, დარეგულირებულიყო საკრედიტო ურთიერთობები მომხმარებელთა უფლებების დაცვის ინტერესების გათვალისწინებით", - წერია კანონის განმარტებით ბარათში.

რა სავარაუდო ეფექტს მოიტანს სესხებზე ჭერის განსაზღვრა

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და ონლაინკრედიტების გამცემი ორგანიზაციების მიერ გაცემული სესხები სხვა სესხებთან შედარებით უფრო მაღალპროცენტიანია, რადგანაც მაღალია ალბათობა, რომ მსესხებლებმა თანხა არ დააბრუნონ, ამიტომაც ეს რისკი საპროცენტო განაკვეთში გათვალისწინებულია. თუ ასეთ სესხებზე საფასო ჭერი დაწესდა, ამას სავარაუდოდ ამ კომპანიების მიერ ახალი სესხების გაცემის რაოდენობის შემცირება მოჰყვება, ეს კი ნიშნავს, რომ უფრო ცოტა ადამიანი შეძლებს სესხის მიღებას. ადამიანთა ნაწილი, ვინც თანახმა იქნებოდა მაღალი განაკვეთის გადახდაზე, სესხს ვერ მიიღებს, რადგანაც ფასის ჭერის პირობებში კომპანიები სავარაუდოდ, დაკრედიტების მოცულობას შეამცირებენ. 

როგორია სესხებზე ჭერის დაწესების უცხოური გამოცდილება:

კანადა - კრიმინალურად აცხადებს საპროცენტო განაკვეთს წელიწადში 60%-ს ზემოთ, იმავდროულად დაწესებული აქვს ლიმიტირება 2-კვირიანი ვადით გაცემული სესხებისთვის 17-25%-მდე ერთჯერადი საკომისიოების სახით - რაც მორგებულია ონლაინ (ე.წ. payday) სესხების თავისებურებებს. მოკლევადიან სესხებზე ჯამში დასაბრუნებელი თანხა არ უნდა აღემატებოდეს გაცემული თანხის 210%-ს.

დიდი ბრიტანეთი - მოკლევადიან სესხებზე ჯამში დასაბრუნებელი თანხა არ უნდა აღემატებოდეს გაცემული თანხის ორმაგ ოდენობას.

აშშ - შტატების უმრავლესობაში როგორც წესი განსხვავებული ლიმიტებია გაცემული სესხების სხვადასხვა სახეობაზე. განასხვავებენ როგორც ოფიციალურად ლიცენზირებული დაწესებულებებისა (მაგალითად, ბანკები, ლომბარდები და სხვა) და კერძო მევახშების განაკვეთების მაქსიმუმს, ისე სპეციფიური პროდუქტებზე (ავტოსესხი, ლომბარდი, იპოთეკური სესხი და სხვა) დაწესებულ ლიმიტებს.

ავსტრალია - ეროვნული სამომხმარებლო სესხების დაცვის აქტი (National Consumer Credit Protection Act 2009) სამომხმარებლო სესხებზე მაქსიმალურ განაკვეთს საზღვრავს 48%-იანი ლიმიტით.

ევროპის ქვეყენებში სესხის საპროცენტო განაკვეთების შეზღუდვებთან დაკავშირებით განსხვავებული მიდგომები არსებობს. საპროცენტო განაკვეთების შეზღუდვა რიგ ქვეყნებში ფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთს ითვალისწინებს, სხვაგან მიბმულია გარკვეულ ინდექსებზე. განსხვავებული მიდგომაა ასევე - შეზღუდვების გავრცელების არეალზე. მაგალითად, საბერძნეთსა და სლოვაკეთში შეზღუდვა არ ვრცელდება საბანკო სექტორზე, ესპანეთში შეზღუდვა მხოლოდ გარკვეულ პროდუქტებზე ვრცელდება, პოლონეთსა და ესპანეთში - ყველა ტიპის სესხზე.

სინგაპურში საპროცენტო განაკვეთის ზღვარი თვეში 4%-ია. დამატებით, განსაზღვრულია 1-წლამდე სესხების საპროცენტო და საკომისიო გადასახდელების, ასევე, ვადაგადაცილების პირგასამტეხლოს და ნებისმიერი სახის საჯარიმო სანქცია ანუ ჯამურად კრედიტორისთვის დასაბრუნებელი თანხის ლიმიტირება.

კომენტარები