ლარის კურსი

BLOOMBERG-ის სისტემაში დოლარის ღირებულება 2.65 ლარი გახდა

bloomberg.com

Bloomberg-ის სავალუტო აუქციონის სისტემაში დღევანდელი ვაჭრობა ეროვნული ვალუტის მკვეთრი გამყარებით დაიწყო. დოლართან მიმართებით ვაჭრობა 2.70-ზე დაიწყო, ახლა კი ერთი დოლარი 2.65 ლარი ღირს.

რაც შეეხება ოფიციალურ კურსს, გუშინ დადგენილი კურსის მიხედვით ერთი დოლარი 2.73 ლარი ღირს, რაც წინა კურსთან შედარებით 2 თეთრით ნაკლებია. 

ეროვნულმა ბანკმა ერთი კვირის წინ ლარის სწრაფი გაუფასურების შესაჩერებლად $40 მილიონი გაყიდა. სებ-მა განცხადებაც გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ბანკი მზადაა, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ბერკეტები კურსის ჭარბი მერყეობის შესაჩერებლად. განცხადებაში ნათქვამია, რომ დღეს მოქმედი კურსი იმაზე მეტადაა გაუფასურებული, ვიდრე ამას "რაციონალური მოლოდინები განაპირობებს". სებ-ის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ბანკი ინფლაციური მოლოდინების ზრდის შემთხვევაში მზადაა, მონეტარული პოლიტიკა კვლავ გაამკაცროს.

სავალუტო ინტერვენცია ეროვნულმა ბანკმა წელს 24-ჯერ განახორციელა. სებ-მა იყიდა $278 მლნ აშშ დოლარი და გაყიდა 280 მლნ აშშ დოლარი. გასული წლის მანძილზე ლარი დოლართან მიმართებით 14.8%-ით გაუფასურდა.

ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონი Bloomberg-ის სისტემით ტარდება, რომელშიც კერძო ბანკები არიან ჩართულნი. Bloomberg-ი დღეისთვის სავალუტო აუქციონის ჩატარების ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე და უსაფრთხო სისტემაა.

 

კომენტარები