მამუკა ხაზარაძე დედოლარიზაციაზე: ჩვენ უნდა დავიწყოთ აზროვნება ლარში

TBC ჯგუფის სამეთვალყუერო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე
youtube.com EY Global

"ჩვენ უნდა დავიწყოთ აზროვნება ლარში", - დედოლარიზაციის სამთავრობო პოლიტიკაზე ამბობს თიბისი ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე.

"ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგია მთლიანად ეკონომიკისთვის, ლარის განვითარებისთვის, იმიტომ რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ აზროვნება ლარში და, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია იმ ადამიანებისთვის, ვისაც ლარში აქვს შემოსავალი და მათ აღარ ექნებათ საფიქრებელი, რომ დოლარის კურსის გამო გაეზრდებათ გადასახადი. ეს ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდება. მე მგონი, ეს კარგი ინიციატივაა", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 

ეროვნული ბანკის 10-პუნქტიანი დედოლარიზაციის გეგმის მიხედვით, 2017 წლის პირველი იანვრიდან 100 ათას ლარამდე და 2018 წლის 1 იანვრიდან 200 ათას ლარამდე ზომის სესხები მხოლოდ ლარში გაიცემა. ეროვნული ბანკი ამ გადაწყვეტილებით პრაქტიკულად ყველა ახალი მსესხებლისთვის სავალუტო რისკების თავიდან აცილებას ისახავს მიზნად.

ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტის, არჩილ მესტვირიშვილის შეფასებით, ეს ცვლილება ლარში სესხების საპროცენტო განაკვეთების ზრდას არ გამოიწვევს. 

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, რომან გოცირიძის შეფასებით კი, მსგავსი სახის აკრძალვის დაწესება საბანკო ისტორიისთვის უპრეცედენტოა და მას მხოლოდ კონტრპროდუქტიული შედეგები მოჰყვება.

"ეს არის აბსოლუტურად არასწორი, მე ვიტყოდი, უგუნური ნაბიჯი, ვინაიდან ან ახლო, ან შორეულ პერსპექტივაში ამის რაიმე დადებითი ეფექტი არ ჩანს. რაღაც მომენტში ამასაც გააუქმებენ და დარჩება ისტორიას სამარცხვინო ლაქად, თუ როგორი გულუბრყვილო იყო რეგულატორი, რომელსაც ეგონა, რომ რაღაც მიზანს მიაღწევდა ამ ტიპის შეზღუდვით. ამას შეიძლება განაკვეთების ზრდაც მოჰყვეს, რადგანაც როდესაც ხდება შეზღუდვა, ამ რისკების კომპენსირება ხდება საპროცენტო განაკვეთების ზრდით", - ტაბულასთან საუბარში ამბობს რომან გოცირიძე.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, პირველი ოქტომბრისთვის ბანკების საკრედიტო პორტფელი 16.5 მილიარდი ლარია, აქედან სესხების მხოლოდ 36.5%-ია ლარში ნომინირებული. ბანკებს უფრო მეტი რესურსი დოლარში აქვთ, ამის მიზეზი დეპოზიტებში დოლარის მაღალი წილია, შესაბამისად, მათ უფრო იაფად შეუძლიათ დოლარის სესხის გაცემა, ვიდრე ლარის სესხის.

კომენტარები