ლარის გაუფასურება

ბაქრაძე: თუ ლარი არ დასტაბილურდა, შესაძლოა, ტარიფები გაძვირდეს

ტაბულა

უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე ლარის გაუფასურებისგან გამოწვეულ საფრთხეებზე საუბრობს. ბაქარაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ლარი მიმდინარე კურსს შეინარჩუნებს ან კიდევ უფრო გაუფასურდება, შესაძლოა გაიზრდოს ელექტროენერგიის და გაზის ტარიფები.

"განსხვავებით წინასაარჩევნო პერიოდისგან, ვხედავთ, რომ არჩევნების შემდეგ მთავრობაც, ეროვნული ბანკიც და ყველა სხვა სახელმწიფო ინსიტიტუტი იჩენს სრულ უმოქმედობას ლარის მიმდინარე კურსის მიმართ. ამის შედეგი გახლავთ ის, რომ ლარი ყოველდღიურად უფასურდება და ძვირდება ამერიკული დოლარი. დღეს ლარის გაუფასურება, გარდა ცხოვრების ზოგადი გაძვირებისა, რაც პრობლემაა თითოეული მოქალაქისთვის, ქმნის ორ კონკრეტულ საფრთხეს: 1. თუ ლარის კურსი იქნება მიმდინარე ნიშნულზე ან კიდევ უფრო გაუფასურდება, ჩნდება იმის რეალური რისკი, რომ იძულებული იქნება სახელმწიფო, გადახედოს ენერგოტარიფებს და გააძვიროს ტარიფები ელექტროენერგიაზე და გაზზე - ეს იქნება გაძვირების ახალი ტალღის, ძალიან სერიოზული ტალღის დასაწყისი ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის. 2. თუ ლარის კურსთან დაკავშირდებით, შენარჩუნდება გაურკვევლობა, ეს პირდაპირ დაარტყამს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას გაისად, ვინაიდან ვერცერთი ბიზნესმენი ვერ დაგეგმავს საკუთარ ბიზნესს, თუ მან არ იცის დოლარის და ლარის თანაფარდობა მომავალ წელს", - განაცხდა ენმ-ის ლიდერმა.

ბაქრაძე მოუწოდებს მთავრობას, საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია, თუ რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს ლარის გასამყარებლად, როგორ აპირებს მოსახლეობის დაცვას გაძვირების მორიგი ტალღისგან და რა პროგნოზს აკეთებს მომავალ თვეებში ლარის კურსთან დაკავშირებით.

დღესვე  ეროვნულმა ბანკმა ლარის ბოლოდროინდელ მკვეთრ გაუფასურებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ლარი იმაზე მეტად არის გაუფასურებული, ვიდრე ამას "რაციონალური მოლოდინები განაპირობებს". სებ-ის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ბანკი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს სავალუტო ბაზარზე ჭარბი მერყეობის შესარბილებლად.

კომენტარები