დონალდ ტრამპის საკადრო პოლიტიკა

ტრამპმა სახელმწიფო მდივნის პოსტზე კრემლის ფავორიტი რექს ტილერსონი წარადგინა

forbes.com

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სახელმწიფო მდივნის პოსტზე, ნავთობკომპანია ExxonMobil-ის აღმასრულებელი დირექტორი რექს ტილერსონი წარადგინა. 

"მისი შეუპოვრობა, დიდი გამოცდილება და გეოპოლიტიკის სიღრმისეული გაგება მას აძლევს საშუალებას დაინიშნოს სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე", - წერია განცხადებაში.

ტრამპის თქმით, ტილერსონი ხელს შეუწყობს რეგიონულ სტაბილურობას და ორიენტირებული იქნება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებზე.

რამდენიმე დღის წინ, ოფიციალურმა რუსეთმა ტილერსონის კანდიდატურა მოიწონა. კრემლის შეფასებით, "რუსეთის მეგობრის" ორდენის მფლობელი ტილერსონი მაღალი დონის პროფესიონალია.

64 წლის ტილერსონი ნავთობისა და საწვავის კომპანია Exxon-ის აღმასრულებელი დირექტორის პოსტზე 2006 წელს დაინიშნა.

Exxon-ი ინტერნაციონალური, საკმაოდ წარმატებული კომპანიაა და ტილერსონს მსოფლიოს არაერთ მოქმედ ლიდერთან აქვს ურთიერთობა, მათ შორის ვლადიმირ პუტინთან, რომელთანაც კომპანიას ამ 10 წლის მანძილზე არაერთი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატს პრეზიდენტი წარადგენს, შემდეგ კი ის ამ თანამდებობაზე აშშ-ის სენატმა უნდა დაამტკიცოს.

კომენტარები