ლარის გაუფასურება

BLOOMBERG-ის სისტემაში დოლარის კურსი 2.66 ლარი გახდა

bloomberg.com

Bloomberg-ის სავალუტო აუქციონის სისტემაში დღევანდელი ვაჭრობა ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურებით დაიწყო. დოლართან მიმართებით ვაჭრობა 2.63-ზე დაიწყო, ახლა კი ერთი დოლარი 2.66 ლარი ღირს. ეს ჯერჯერობით ოფიციალური კურსი არაა, თუმცა თუ ოფიციალური კურსი 2.615-ზე მაღალი იქნება, ეს ლარის არსებობის ისტორიაში ყველაზე დაბალი კურსი იქნება. ოფიციალურ კურსს ეროვნული ბანკი 17:00-ზე გამოაქვეყნებს. ლარი გასული თვის მანძილზე 7.2%-ით გაუფასურდა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2016 წლის მანძილზე ლარი დოლართან მიმართებით ყველაზე მყარი 10 ივნისს იყო, მაშინ ერთი დოლარი 2.127 ლარი ღირდა, წლევანდელი გაუფასურების პიკი კი გუშინ, 12 დეკემბერს იყო, როდესაც ერთი დოლარი 2.61 ლარი ღირდა.

დღესვე ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ ლარის მკვეთრი გაუფასურება ბოლო დროს რეგიონში განვითარებულ მოვლენებს დაუკავშირა. გახარიას თქმით, "ის, რაც დღეს ხდება ლარის კურსთან დაკავშირებით, ეს არის ის ვალატილობა, რომელიც აისახება თურქეთის ლირასთან მიმართებაში". 

10 დეკემბრის ღამით, სტამბოლში მომხდარ აფეთქებებს 38 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მომხდარს თურქეთის ეკონომიკაზე შოკის ეფექტი ჰქონდა, რის გამოც თურქული ლირა ისტორიულ მინიმუმამდე გაუფასურდა. ამ დროისთვის ერთი დოლარი 3.47 ლირა ღირს, გასული თვის მანძილზე ლირა დოლართან მიმართებით 5.7%-ით გაუფასურდა.

ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონი Bloomberg-ის სისტემით ტარდება, რომელშიც კერძო ბანკები არიან ჩართულნი. Bloomberg-ი დღეისთვის სავალუტო აუქციონის ჩატარების ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე და უსაფრთხო სისტემაა.

კომენტარები