დონალდ ტრამპის საკადრო პოლიტიკა

კრემლი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტზე რექს ტილერსონის კანდიდატურას მიესალმება

San Francisco Chronicle

კრემლი აშშ-ის სახელმწიფო მდივნად კომპანია Exxon-ის აღმასრულებელი დირექტორის, რექს ტილერსონის კანდიდატურას იწონებს და "მაღალპროფესიონალად" აფასებს. 10 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახლად არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხსენებულ პოსტზე სწორედ ტილერსონის წარდგენას გეგმავს, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ახლო კავშირები აქვს.

"ის უდიდესი ნავთობკომპანიების სათავეშია, მას ჩვენს წარმომადგენლებთან კონტაქტები აქვს და საკუთარ მოვალეობას მაღალპროფესიონალურად ასრულებს", - თქვა კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა პრესკონფერენციაზე. "პუტინსა და მას სამუშაო შეხვედრები ჰქონდათ. რაც შეეხება მოსაზრებას რუსეთის ფედერაციისადმი დამოკიდებულებასთან დაკავშირებით, დიდი სხვაობაა სახელმწიფო მდივნობასა და კომპანიების ხელმძღვანელობას შორის. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მას კონსტრუქციული დამოკიდებულება ექნება და პროფესიონალიზმს გამოავლენს", - აღნიშნა პესკოვმა.

64 წლის ტილერსონი ნავთობისა და საწვავის კომპანია Exxon-ის აღმასრულებელი დირექტორის პოსტზე 2006 წელს დაინიშნა.

Exxon-ი ინტერნაციონალური, საკმაოდ წარმატებული კომპანიაა და ტილერსონს მსოფლიოს არაერთ მოქმედ ლიდერთან აქვს ურთიერთობა, მათ შორის ვლადიმირ პუტინთან, რომელთანაც კომპანიას ამ 10 წლის მანძილზე არაერთი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული.

2012 წელს კომპანიამ პუტინთან 3.2-მილიარდდოლარიანი ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც, სავარაუდოდ, ინვესტიციების სახით 500 მილიარდს მიაღწევს. 2014 წელს, ტილერსონი რუსეთის მიმართ დაკისრებული სანქციების წინააღმდეგ გამოვიდა.

იხილეთ მეტი ინფორმაცია რექს ტილერსონთან დაკავშირებით - http://tbl.ge/224e

კომენტარები