2017 წლის რიგით 89-ე ოსკარის დაჯილდოების ცერემონიას კომიკოსი ჯიმი კიმელი გაუძღვება. ამის შესახებ ინფორმაციას საკუთარ Twitter-ის გვერდზე კიმელი ადასტურებს.
"დიახ, მე ვიქნები ოსკარების დაჯილდოების ცერემონიის წამყვანი. ეს ხუმრობა არ არის. და თუ ეს მაინც ასეა, ჩემი შურისძიება აკადემიის მიმართ, საშინელი და ამავდროულად ტკბილი იქნება“,- წერს საკუთარი Twitter-ის გვერდზე კომიკოსი ჯიმი კიმელი.
კიმელის წამყვანობის ცნობას ამერიკის კინოაკადემიის ადმინისტრაციაც ადასტურებს. კინოაკადემიის აღმასრულებელი ხელმძღვანელის დონ ჰადსონის თქმით, ცერემონია საუკეთესო ადამიანის ხელშია.
ჯიმი კიმელი ტელეკომპანია ABC-ის სახეა და კომედიური ჟანრის ღამის შოუ Jimmy Kimmel Live-ის წამყვანია.
ცნობისთვის, კიმელი დაჯილდოების ცერემონიის წამყვანის ამპლუაში პირველად არ არის. წარსულში, ცნობილმა კომიკოსმა Emmy-ის დაჯილდოებასა და American Music Award-ს უმასპინძლა. ოსკარის დაჯილდოების ცერემონია 2017 წლის 26 თებერვალს გაიმართება.