თბილისის მერია საახალწლო ღონისძიებებზე 1 487 000 ლარს დახარჯავს. ამის შესახებ მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსმა ია მაქაცარიამ თქვა.
„ეს არის ჯამური ბიუჯეტი, რომელშიც შედის კულტურის სამსახური, სპორტის და ახალგაზრდობის სამსახური, კეთილმოწყობის სამსახური, ადმინისტრაცია და პიარი. ეს არის მერიის ჯამური ბიუჯეტი სახალხო დღესასწაულისთვის", - ამბობს მაქაცარია და აღნიშნავს, რომ გალაკონცერტი, რომელიც 31 დეკემბერს რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება, 227 000 ლარი დაჯდება.
ამასთან, დღევანდელ თბილისის მთავრობის სხდომაზე, დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ ახალი წლის ღონისძიებების ფარგლებში, ქუჩები არ გადაიკეტება. მისივე თქმით, ძირითადი საახალწლო ღონისძიებები დედაენის ბაღში გაიმართება.
„გასულ წელს ახალი განათებებით მოირთო რუსთაველის გამზირი, მელიქიშვილის და ჭავჭავაძის გამზირები. წელსაც გვექნება ამ თვალსაზრისით სიახლეები და დამატებითი ახალი საახალწლო ილუმინაციებით მოირთვება აეროპორტის გზა და აღმაშენებლის გამზირი. მათ შორის განახლებული აღმაშენებელი, ასევე პეკინის ქუჩაზე მოხდება მოძველებული განათებების განახლება. წელს ჩვენ განსხვავებულად დავგეგმეთ ახალი წლის ღონისძიებების ლოკაციები, შესაბამისად, ახალი წლის ღონისძიებების ფარგლებში არ გადაიკეტება დედაქალაქის ქუჩები. ძირითადი საახალწლო ღონისძიებები დედაენის ბაღში გაიმართება. დედაენის ბაღი, როგორც საახალწლო ქალაქი, ისე მოეწყობა და, შესაბამისად, 25 დეკემბრიდან დაიწყება იქ ძირითადი საახალწლო ღონისძიებები, როგორც კულტურული, ასევე გასართობი ფორმატის", - განაცხადა დავით ნარმანიამ.





