ზურაბ ჟვანიას საქმე

უზენაესმა სასამართლომ ჟვანიას საქმეზე ექსპერტი ლევან ჩაჩუა უდანაშაულოდ ცნო

სამედიცინო ექსპერტი ლევან ჩაჩუა
news.accept.ge

უზენაესმა სასამართლომ საქართველოს ექსპრემიერის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, პროკურატურის საჩივარი წარმოებაში არ მიიღო, რითიც ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ ჟვანიას საქმის სამედიცინო ექსპერტი ლევან ჩაჩუა საქმეში უდანაშაულო იყო. ამის შესახებ ინფორმაცია ლევან ჩაჩუას ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ გაავრცელა.

ყოფილი პრემიერის საქმის ექსპერტს პროკურატურა სამსახურებრივ გულგრილობაში ადანაშაულებდა. ბრალდების მხარის მტკიცებით, ჩაჩუამ ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის ცხედრების ექსპერტიზა არაჯეროვნად ჩაატარა, შესაბამისად მცდარი იყო მაშინდელი დასკვნა, რომ ექსპრემიერი ბუნებრივი აირის გაჟონვით გარდაიცვალა.

ჩაჩუა აღნიშნულ პერიოდში სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების უფროსი იყო.

ლევან ჩაჩუას რვა თვის მანძილზე პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. 2014 წლის ნოემბერში, მას აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს.

ბრალდების მტკიცებულებები სამივე ინსტანციის სასამართლომ არასაკმარისად მიიჩნია.

საქართველოს პრემიერმინისტრი ზურაბ ჟვანია 2005 წლის 3 თებერვალს, გამთენიისას საბურთალოს 53-ში მდებარე ბინაში, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე რაულ უსუფოვთან ერთად გარდაცვლილი იპოვეს. სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ პრემიერისა და უსუფოვის გარდაცვალება მხუთავმა აირმა გამოიწვია.

კომენტარები