The Guardian

The Guardian: რუსეთის მოქალაქეები მონტენეგროს პრემიერის მკვლელობას გეგმავდნენ

მონტენეგროს პრემიერმინისტრი მილო ჯუკანოვიჩი
Savo Prelevic / AFP

The Guardian-ის ინფორმაციით, სერბეთმა მონტენეგროში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაზე შეთქმულებაში მონაწილებაში ბრალდებული რუსეთის მოქალაქეები ქვეყნიდან გააძევა. გადატრიალების მიზანი ორი ევროპელი პრემიერმინისტრის მოკვლა იყო. გავრცელებული ინფორმაციით, შეთქმულები პოლიციის ფორმების ჩაცმას, მონტენეგროს პარლამენტის შტურმით აღებას, მონტენეგროს პრემიერმინისტრი მილო ჯუკანოვიჩის მოკვლასა და პრორუსული პარტიის ხელისუფლებაში მოყვანას აპირებდნენ.

გარდა ამისა, მონტენეგროში დააკავეს სერბეთისა და მონტენეგროს მოქალაქეებისგან შემდგარი 20-კაციანი ჯგუფი, ჯგუფის წევრებს შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც აღმოსავლეთ უკრაინაში მოსკოვის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებთან ერთად იბრძოდნენ. სწორედ ამ დროს დააკავეს სერბეთში რუსეთის მოქალაქეების ჯგუფი, რომლებიც შეთქმულების ჯგუფის კოორდინირებაში არიან ბრალდებულები, დაკავებისას მათ თან აღმოაჩნდათ 120 000 ევრო და პოლიციის უნიფორმები. The Belgrade Daily-ს ცნობით, დაკავებულებს ასევე თან აღმოაჩნდათ მოწყობილობები, რომლითაც პრემიერი ჯუკანოვიჩის ადგილსამყოფელის განსაზღვრას შეძლებდნენ.

The Guardian-ი დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ სერბეთმა რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი ნიკოლაი პატრუშევის ჩარევის შემდეგ, რომელიც ბელგრადში 26 ოქტომბერს ჩავიდა, რუსეთის მოქალაქეების დეპორტაცია მაქსიმალურად ჩუმად განახორციელა, რათა ამ ყველაფერს სკანდალი არ მოჰყოლოდა.
The Guardian-ს სერბეთის მთავრობასთან დაახლოვებულმა წყარომ უთხრა, რომ პატრუშევმა მისი დახასიათებით, „თაღლითური ოპერაციისთვის", რომელიც კრემლის მიერ სანქცირებული არ იყო, ბოდიში მოიხადა. პარალელურად, მოსკოვში უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა სააგენტო Tass-თან განაცხადა, რომ „პატრუშევს ბოდიში არავისთვის მოუხდია, რადგან არაფერი იყო საბოდიშო."

პატრუშევის ვიზიტიდან 3 დღის შემდეგ, სერბეთის პრემიერმინისტრი ალექსანდრ ვუჩიჩის სახლან, იარაღის ფარული საწყობი აღმოაჩინეს. სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ნებოიშა სტეფანოვიჩის თქმით, არსებობს სერიოზული ეჭვები, რომ 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ, ვუჩიჩის მოსაკლავად ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფება იყო დაქირავებული, სტეფანოვიჩი არ აკონკრეტებს, ვინ იდგა დაჯგუფების უკან, თუმცა ამბობს, რომ თავდასხმა ქვეყნის გარედან იგეგმებოდა.

The Guardian-ის სტატიას რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა. სამინისტროს პრესმდივანი მარია ზახაროვას თქმით, ბრიტანული გამოცემის სტატია ტყუილებზე არის აგებული. ზახაროვამ The Guardian-ს დღის მთავარი მატყუარაც უწოდა.

კომენტარები