დიქტატურა

ტრამპი: კასტროს რეჟიმის გამოწვეული წამებისა და ტანჯვის დავიწყება არ შეიძლება

Reuters

"ეს დღე ისტორიაში ჩაინიშნება, როგორც სასტიკი დიქტატორის გარდაცვალების თარიღი, რომელმაც საკუთარი ქვეყანა, თითქმის ექვსი ათწლეულის მანძილზე, გაუსაძლისი ზეწოლის ქვეშ ამყოფა",- ფიდელ კასტროს გარდაცვალებასთან დაკავშირებით წერს აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. ტრამპი ასევე იმედს გამოთქვამს, კუბელი ხალხი ერთ დღეს მიიღებს იმ თავისუფლებას რასაც ეს ერი ასე ძლიერ იმსახურებს.

"ვიმედოვნებთ, რომ ერთ დღეს თავისუფალ კუბას ვიხილავთ",- წერს დონალდ ტრამპი

"ფიდელ კასტროს მემკვიდრეობა სიღარიბისგან, მოსახლეობის ტანჯვისა და ადამიანის უფლებათა შეზღუდვისგან შედგება. სამან კუბა ტოტალიტარულ კუნძულად რჩება, იმედს გამოვთქვამ, რომ კუბელი ხალხი, ერთ დღეს, ერთხელ და სამუდამოდ მიიღებს იმ თავისუფლებას, რასაც ისინი ასე ძლიერ იმსახურებენ.

ფიდელ კასტროს მიერ გამოწვეული ტრაგედიების, ტანჯვისა და წამების მეხსიერებიდან ამოშლა არ შეიძლება, ჩვენი ადმინისტრაცია იზრუნებს იმაზე, რომ კუბელმა ხალხმა ერთხელ და სამუდამოდ დაიწყოს სვლა კეთილდღეობისა და თავისუფლებისკენ",- წერს ტრამპი.

გნცხადების გამოქვეყნებამდე ტრამპმა საკუთარ Twitter-ზე დაწერა - "ფიდელ კასტრო მკვდარია!" წინასაარჩევნო პერიოდში ტრამპი ამბობდა, რომ ის ჰავანაში ახლადგახსნილი საელჩოს დახურვას გეგმავდა. 

დონალდ ტრამპი ბარაკ ობამას ადმინისტრაციის პერიოდში კუბასთან დადებული სავაჭრო ურთიერთობების გაუქმებასაც გეგმავს. კუბასთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა ბარაკ ობამას შეფასებით, აშშ-ის დიპლომატიის ერთ-ერთი დიდი მიღწევა იყო. სავარაუდოდ ორმხრივი ავიამიმოსვლის შესახებ მიღწეული შეთანხმებაც გადაიხედება.  

დღეს, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა კუბის რევოლუციის ლიდერი ფიდელ კასტრო. კასტრო კუბას თითქმის 50 წლის განმავლობაში, 1959-2008 წლებში, ერთპიროვნულად მართავდა.

კომენტარები