არაფორმალური მმართველობა

კაპანაძე კვირიკაშვილს: ახალია თქვენთვის, რომ არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობენ?

მაინტერესებს, ახალია თქვენთვის, რომ არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობენ საქართველოში? კი მაგრამ, თვითონ ბიძინა ივანიშვილი არ იყო, რომელმაც რამდენჯერმე თქვა იმის შესახებ, რომ წინა პრემიერმინისტრი ყველა შეხვედრაზე მეკითხებოდა - ჩემი წასვლის დრო ხომ არ არისო? პარლამენტის წინა თავმჯდომარე არ იყო, რომელმაც თქვა, რომ რამდენიმე წერილი მისწერა ივანიშვილს, სადაც ესაუბრებოდა მნიშვნელოვან პოლიტიკურ თემებზე? არასამთავრობო ორგანიზაციები არ იყვნენ, რომლებმაც რამდენჯერმე, მათ შორის, თქვენი მმართველობის ორი წლის თავზე მოხსენება გამოაქვეყნეს და თქვეს, რომ არაფორმალური მმართველობა იყო ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა? უცხოელი სტუმრები რომ ჩამოდიან და თქვენთან ერთად, ბატონ ბიძინასთან შეხვედრას რომ ითხოვენ, ასევე ხომ იცით? აბა, რატომ გვიდგამთ სპექტაკლს, რომ ვითომ პრობლემაა არაფორმალურ მმართველობაზე საუბარი? რას ელით, რომ ოპოზიცია არ ისაუბრებს ამაზე? ამ თემას არ დააყენებს, თუ საიდან გაქვთ ეს მოლოდინი? 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, ვიცესპიკერი სერგი კაპანაძე პრემიერმინისტრობის კანდიდატს გიორგი კვირიკაშვილს. კვირიკაშვილმა თქვა, რომ "ნომინალური პრემიერმინისტრის" მიმართვით, ენმ-ის წევრი ნიკა მელია მას შეურაცხყოფას აყენებს.

კომენტარები