ევროპარლამენტი

მარტინ შულცი ევროპარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს

facebook.com/GaribashviliOfficial

ევროპარლამენტის თავმჯდომარე მარტინ შულცმა განაცხადა, რომ ვადის ამოწურვის შემდეგ (2017 წლის იანვარი) თანამდებობას ტოვებს და გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის საარჩევნო სიას ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში 2017 წლის არჩევნებზე სათავეში ჩაუდგება.

"მივიღე გადაწყვეტილება, კენჭი აღარ ვიყარო ევროპარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე, შემდეგ წელს ბუნდესტაგის არჩევნებზე ჩემი პარტიის საარჩევნო სიას ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში სათავეში ჩავუდგები და მონაწილეობას მივიღებ არჩევნებში", - თქვა შულცმა.

გერმანული მედიის ცნობით, სოციალ-დემოკრატიული პარტია მარტინ შულცს, ვიცეკანცლერ ზიგმარ გაბრიელთან ერთად, გერმანიის კანცლერის თანამდებობაზე შესაძლო კანდიდატად განიხილავს. პარტია საბოლოოდ კანდიდატს იანვარში დაასახელებს. სოციალურ-დემოკრატიული პარტიის კანდიდატი საპარლამენტო არჩევნებში ანგელა მერკელის მეტოქე იქნება.

გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მარტინ შულცმა შესაძლოა, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი შეცვალოს, რომელიც თავად გერმანიის პრეზიდენტობის კანდიდატად არის წარდგენილი.

მარტინ შულცი ევროპარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას 2012 წლის იანვრიდან იკავებს.

კომენტარები