დემპინგი

დანელია ანტიდემპინგზე: მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესის კეთების რეიტინგი არ დაზარალდეს

facebook.com/DaneliaOfficial

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია ბიზნესკონტრაქტთან საუბარში ამბობს, რომ ანტიდემპინგური კანონმდებლობის შექმნას საფუძვლიანი მომზადება ესაჭიროება. დანელია ასევე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ცვლილებებმა ბიზნესის კეთებაში საქართველოს რეიტინგებზე ნეგატიური გავლენა არ მოახდინოს.

"ზოგადად, საერთაშორისო ნორმები არსებობს. ძალიან მნიშვნელოვანია, აღნიშნული ფაქტორები იყოს გათვალისწინებული. როგორც იცით, საქართველო გახლავთ ერთ-ერთი უფრო მიმზიდველი ქვეყანა ბიზნესის კეთებისთვის და მნიშვნელოვანია, რომ რეიტინგები არ დაზარალდეს",- ამბობს დანელია.

ფინანსთა მინისტრობის კანდიდატი დიმიტრი ქუმსიშვილი წარსულში გაკეთებული განცხადებებით აქტიურად უჭერდა მხარს ანტიდემპინგური კანონმდებლობის შექმნას და ამბობდა, რომ "ეს ქვეყნისთვის დიდი სიკეთე იქნებოდა".

"შეიძლება თეორიულად მოხდეს შემთხვევა, როდესაც ბაზრის დაპყრობის მიზნით, მოხდეს სუბსიდირება, იმიტომ რომ დემპინგმა უნდა დაასუბსიდიროს. ეს ნიშნავს, რომ დემპინგის დროს თქვენ უნდა ჩაატაროთ გამოძიება და დავუდგინოთ დადასტურებულად, რომ ფასი, რომლითაც შემოდის პროდუქცია, არის თვითღირებულებაზეც ნაკლები. თუკი თქვენ გყავთ მწარმოებელი ქვეყნის შიგნით, რომელიც აწარმოებს, თქვენ შეგიძლიათ იმსჯელოთ, რომ ეს ვნებს ადგილობრივ ბაზარს. ეს უდიდესი სიკეთეა", - ამბობს დიმიტრი ქუმსიშვილი. 

დემპინგის აკრძალვა როგორც წესი ადგილობრივი მწარმოებლების "ინტერესთა დაცვას" ემსახურება, თუმცა ამ დროს მოსახლეობა ზარალდება, რადგანაც ისინი უცხოური პროდუქციის შეღავათიან ფასად ყიდვის საშუალებას კარგავენ, მოგებულ მდგომარეობაში კი ადგილობრივი კომპანიები რჩებიან, რომლებიც აღნიშნულ საქონელს შედარებით ძვირად აწარმოებენ.

ანტიდემპინგური კანონმდებლობის მიღება ბიზნესგარემოსთვის ახალი რეგულაციის დაწესება იქნება, რომელიც კონკრეტულ კომპანიებს სახელმწიფოს მხრიდან პროტექციონისტულ მდგომარეობაში ჩააყენებს. ანტიდემპინგური კანონმდებლობა შესაძლოა ბუნდოვანიც იყოს, რაც შეიძლება კანონის ნორმების ფართოდ განმარტებისა და, შედეგად, კომპანიებისთვის ახალი ფინანსური ბარიერის შექმნის ტოლფასი გახდეს. 

კომენტარები