საქართველოს პარლამენტი

ბესელია პატრიოტთა ალიანსის წევრზე: ქალ კანდიდატს დავუჭირეთ მხარი

ტაბულა

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას თქმით, მან პატრიოტთა ალიანსის კანდიდატ ნატო ჩხეიძეს გენდერული ნიშნით დაუჭირა მხარი. ცნობისთვის, ნატო ჩხეიძე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს, ენმ-ის კანდიდატ ოთარ კახიძეს კი, უარი უთხრეს.

"ბუნებრივია, ნაციონალური მოძრაობა ვერ აითვისებს [ყველა კვოტას], ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ სხვა ოპოზიციური პარტია დავჩაგროთ. ამიტომ, გარკვეული სამართლიანი მიდგომა უნდა არსებობდეს. მათ 15-დან 12 კომიტეტში ისედაც ექნებათ შესაძლებლობა, რომ მოადგილის პოზიციაზე საკუთარი კანდიდატები წარმოადგინონ. რაც შეეხება ჩვენს არჩევანს, მე შემიძლია, პირადად ჩემზე გითხრათ და ალბათ ეს განწყობა ჰქონდა კომიტეტის რამდენიმე წევრს მაინც, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ უმრავლესობით დავუჭირეთ ქალ კანდიდატს მხარი. პირველ რიგში, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო გენდერული ბალანსის დაცვა ქალი კანდიდატის მოადგილის პოზიციაზე, მეორე, ქალბატონი ნატო არის ორი მოწვევის პარლამენტის წევრი, მას აქვს საპარლამენტო მუშაობის გამოცდილება. ეს ოჯახი რეპრესირებულიც გახდა და მსხვერპლი იყო, ძალიან დიდხანს იბრძოდა, სხვათაშორის, სამართლიანობის აღდგენისთვის და ზოგადად დემოკრატიული ფასეულობისთვის" - ამბობს ბესელია.

ტაბულას კორესპონდენტის ცნობით, ნატო ჩხეიძეს მხარი რვა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო ოთარ კახიძეს - ოთხმა. აღსანიშნავია, რომ ენმ-ის წევრს ხმა მხოლოდ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა მისცეს, პატრიოტთა ალიანსის კანდიდატის მხარდამჭერი კი, რვავე ქართული ოცნების დეპუტატი იყო.

ფრაქციის - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - საქართველოს წინსვლისთვის" - თავმჯდომარის ელენე ხოშტარიას თქმით, განხილვისას, პატრიოტთა ალიანსის კანდიდატს ხედვის შესახებ დაუსვეს კითხვა.
 

"მან განაცხადა, რომ დებულებაში რაც წერია, ახალს ვერაფერს დაამატებს. ოთომ დეტალურად ჩამოთვალა სასამართლო რეფორმის, მოსმენების პრობლემის და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულება. ცხადია, პატრიოტთა ალიანსი აირჩიეს", - წერს ხოშტარია Facebook-ში.

ტელეკომპანია "იბერიის" მფლობელი კომპანიის 30%-იანი წილის მეპატრონე ნატო ჩხეიძე პატრიოტთა ალიანსის სიის მესამე ნომერია. ის მეხუთე მოწვევის პარლამენტის წევრიც იყო ბლოკ საქართველოს აღორძინებიდან.

კომენტარები