არჩევნები 2016

გოცირიძე: როდესაც წინა პარლამენტმა დაიწყო მუშაობა, ერთი დოლარი 1.67 ლარი ღირდა

ტაბულა

"ზუსტად ოთხი წლის წინ, 18 ნოემბერს, როდესაც წინა პარლამენტმა დაიწყო მუშაობა, ერთი დოლარი ღირდა 1.67 ლარი, დღეს ჩვენ 49%-ით გავღარიბდით, თითოეული მოქალაქე ლარის გაუფასურებისა და ფასების ზრდის, უმუშევრობის გამო არის უფრო ღარიბი, ვიდრე იყო ოთხი წლის წინ", - მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო ათეულის წევრი რომან გოცირიძე.

გოცირიძის თქმით, ის რომ ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნიდან მეოთხე წელს ლარი გაუფასურებულია, არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას, დაბალ ეკონომიკურ ზრდას, გაბერილ ბიუროკრატიასა და ბიზნესის რეგულაციებს უკავშირდება. 

"სუსტი ეკონომიკური ზრდა, რომელიც წელს 2.6% იქნება, ის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც გამოიხატებოდა რეგულირებაზე და სხვა მსგავს შეზღუდვებზე აქცენტების კეთებაზე, ის არასწორი ეკონომიკური ბიუჯეტი, სადაც იფლანგებოდა უამრავი სახსრები ფუფუნებაზე, არასწორ ეკონომიკურ და სოციალურ პროექტებზე, იხარჯებოდა თანხები დეფიციტურად - ეს ფაქტორები გახდა მოსახლეობის გაღარიბების გამომწვევი მიზეზები.

როგორც იქნა, მთავრობამ აღიარა საკუთარი შეცდომა და მან მდგომარეობის გამოსწორების გეგმა სამი დღის წინ გამოაქვეყნა. ამ გეგმის ერთ-ერთი ნაწილია ბიუჯეტის გაჯანსაღება, ხოლო მეორე - რაღაც ახალი რეგულაციების შემოღება. ახლა გაახსენდათ ჯანსაღი ბიუჯეტი, ახლა გვარწმუნებენ, რომ შემოიჭერენ ქამრებს, ახლა ამბობენ, რომ შეკვეცენ ბიუროკრატიულ ხარჯებს. ვნახოთ, შემოვა და დავხვდებით და განვიხილავთ ბიუჯეტს. ბიუჯეტზე აქცენტის გადატანა არის ფაქტობრივად აღიარება, რომ ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოვიდა მოტყუებით, იმიტომ რომ ამ ბიუჯეტში მათი არცერთი წინასაარჩევნო დაპირება ჩადებული არაა. არაა პენსიების ზრდა, არაა პედაგოგთა ხელფასების ზრდა. ვის ატყუებდით, როდესაც ამბობდით 1000 კილომეტრ გზას ააშენებდით და აქედან ნახევარზე მეტი ავტობანი იქნებოდა, როდესაც საშუალოდ ამ ოთხი წლის მანძილზე ავტობანი მხოლოდ 28 კილომეტრით იზრდებოდა. სად იქნება 50 ხიდი და კიდევ 50 გვირაბი, რომელსაც თქვენივე პროგრამით $3.5 მილიარდი სჭირდებოდა, როდესაც ლარის დღევანდელი კურსით ეს თანხა არის 9 მილიარდი ლარი. 4 წლის მომავალი ბიუჯეტიდან 1 წლის ბიუჯეტი მარტო თურმე გზებს უნდა მოახმაროთ. ეს იყო ტყუილი. 

შემდეგ გამოხვალთ და იტყვით, რომ ის დაპირებები, რომლებიც არ იქნება ბიუჯეტში ჩადებული - იგივე პენსიები, გადასახადების შემცირება და სხვა დაპირებები - თურმე გამოწვეულია ლარის პრობლემით. ხოლო ლარის პრობლემა კი, რა თქმა უნდა, გამოწვეულია საგარეო ფაქტორებით და საგარეო ფაქტორები კი მუდამ მოიძებნება, ხან ერთ ქვეყანაში, ხან მეორეში. დღეს გაუფასურდა თურქეთის, ეთიოპიისა და ზიმბაბვეს ვალუტები და ხვალ გამოვა მთავრობა და იტყვის, რომ ლარი ამ ვალუტების გამო გაუფასურდა", - ამბობს რომან გოცირიძე. 

კომენტარები