კილაძე: გირჩის დაანონსებული აქცია მარიხუანის პოპულარიზაციაა

ტაბულა

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატი სოფიო კილაძე გირჩის განცხადებას არ ეთანხმება და ამბობს, რომ მათ მიერ დაანონსებული აქცია მარიხუანის პოპულარიზაციაა. თუმცა, კილაძის თქმით, ქართული ოცნება იმუშავებს მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარებისთვის სასჯელის ლიბერალიზაციაზე.

"რა თქმა უნდა, ვერ დავეთანხმებით გირჩის განცხადებას მარიხუანის ლეგალიზაციასთან დაკავშირებით. უპირველეს ყოვლისა, ვიტყვი, რომ ჩვენმა პარტიამ, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა გააკეთა განაცხადი ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამაში იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ვემხრობით კონკრეტული სასჯელის ლიბერალიზაციას ე.წ. მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარებასთან მიმართებით. ვფიქრობ, რომ პოლიტიკური პარტიები, კონკრეტულად გირჩი, უფრო პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ იმ განცხადებებს, რომლებსაც აკეთებენ იმიტომ, რომ ის აქცია, რაც დააანონსეს, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, არის მარიხუანის მოხმარების პოპულარიზაცია და ვფიქრობ, რომ ეს არ არის სწორი. ხოლო, ჩვენი პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილება ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, არის ურყევი და ჩვენ ამას აუცილებლად განვახორციელებთ. ეჭვგარეშეა, რომ სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ეს არის სწორედ სამართალდამცავი სტრუქტურების პრეროგატივა და მე ამასთან დაკავშირებით კონკრეტულ განცხადებას ვერ გავაკეთებ. ძალიან დიდ იმედს ვიტოვებ, გირჩი ამას პასუხისმგებლობით მოეკიდება და იმედი მაქვს, რომ ისინი თავს შეიკავებენ მსგავსი მოქმედებებისგან", - თქვა სოფიო კილაძემ ტვ პირველთან საუბრისას.

აღსანიშნავია, რომ სოფო კილაძე, 2015 წელს, ქუჩის ნარკოტესტირების კანონპროექტის განხილვისას, შსს-ს წარმომადგენელი იყო და ამბობდა, რომ ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზაცია გენოფონდს საფრთხეს შეუქმნიდა.

ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი მომავალი ხელისუფლებისგან მოითხოვს, ახალ წლამდე მარიხუანისა და მისგან დამზადებული პროდუქტების მოხმარება და კულტივირება/შენახვა პირადი მოხმარებისთვის ლეგალიზებული გახდეს. ზურა ჯაფარიძის თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, პარტიის ოფისში გირჩის წევრები 2016 წლის 31 დეკემბერს, 23:59 წუთზე მარიხუანას დარგავენ.

კომენტარები