სიძულვილის ენა

MDF: სიძულვილის ენას ყველაზე ხშირად პატრიოტთა ალიანსი და ქართული ოცნება მიმართავს

მედიის განვითარების ფონდი მედიაში სიძულვილის ენისა და მისი წყაროების შესახებ მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს. ანგარიშის მიხედვით, 868 დისკრიმინაციული კომენტარიდან ჰომოფობიის 454, ქსებოფობიის 324 და პოლიტიკური და სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის 90 შემთხვევა გამოიკვეთა. მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ყველა კატეგორიის სიძულვილის ენის ყველაზე მეტი შემთხვევის წყარო გაზეთი ასავალ-დასავალია (101 შემთხვევა), მას მოსდევს სააგენტო Geoworld.ge (54 შემთხვევა). რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს, ამ მხრივ ლიდერები პატრიოტთა ალიანსი (77 შემთხვევა) და ქართული ოცნება (54 შემთხვევა) არიან.

ჰომოფობია

868 დისკრიმინაციული გამოხატვიდან ყველაზე დიდი წილი (52%) ჰომოფობიაზე მოდის. ანგარიშის მიხედვით, ყველაზე ჰომოფობიური მედიასაშუალება ასავალ-დასავალია, ყველაზე ჰომოფობიური პარტია - დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო, მას მოსდევს მმართველი პარტია ქართული ოცნება. ყველაზე ჰომოფობიური ორგანიზაცია კი დემოგრაფიული საზოგადოება XXI-ია. ყველაზე ჰომოფობიური გზავნილია: დასავლეთი თავს გვახვევს ჰომოსექსუალობას.

თურქოფობია

ანგარიშის მიხედვით, თურქოფობიაზე გამოვლენილი სიძულვილის ენის შემთხვევების 17% (148) მოდის. ყველაზე მეტი თურქოფობიური სარედაქციო კომენტარი Geoworld.ge-მ (22) გამოაქვეყნა, ყველაზე მეტი თურქოფობიური გზავნილი რესპონდენტთა მხრიდან ტელეკომპანია ობიექტივის ეთერში ყოველგვარი სარედაქციო კომენტარის გარეშე გავიდა. მონიტორინგის მიხედვით, ყველაზე თურქოფობი პოლიტიკური პარტია პატრიოტთა ალიანსია.

რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია

რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციას საერთო მონაცემების 8% (71) აქვს. მონიტორინგის მიხედვით, ამ მხრივ ყველაზე მეტი სარედაქციო კომენტარი Geoworld.ge-მ გამოქვეყნა (7), პარტიებს შორის ლიდერია პატრიოტთა ალიანსი (8). რელიგიურ მოტივებზე ყველაზე მეტი დისკრიმინაციული კომენტარი მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებმა გააკეთეს (19).

ქსენოფობია სხვადასხვა ჯგუფის მიმართ

მონიტორინგის მიხედვით სხვადასხვა ჯგუფის მიმართ საერთო მონაცემების 8% (64) უჭირავს, მედიებიდან ამ მხრივ ასავალ-დასავალი, პარტიებიდან კი პატრიოტთა ალიანსი გამოირჩევა. ხელისუფლების წარმომადგენლები მხრიდან გამოთქმულ ქსენეფობიური შეხედულებების მაგალითად ანგარიშში, ლევან იზორიას კომენტარია, რომელმაც უცხოელი სტუდენტები ტერორისტებთან გააიგივა.

არმენოფობია და რასიზმი

არმენოფობიას საერთო მონაცემების 3%, რასიზმს კი 2% უჭირავს. არმენოფობიის მხრივ ყველაზე მეტი შემთხვევა ასავალ-დასავალში და საქინფორმის ონლიან პლათფორმაზე გამოიკვეთა, პარტიების მხრიდან კი გამოვლენილი ორი შემთხვევის წყარო მმართველი პარტია ქართული ოცნება იყო. რაც შეეხება რასიზმს, ხელისუფლების მხრიდან რასისტული სახის ერთი განცხადება გაკეთდა, სხვა პოლიტიკური პარტიები, რომლებმაც რასისტული ენა გამოიყენეს, ეროვნულები და პატრიოტთა ალიანსი არიან. მედიიდან - Geoworld.ge.

პოლიტიკური და სხვა მოტივით შეუწყნარებლობა

ანგარიშის მიხედვით, ამ მხრივ მედიიდან კვლავ ასავალ-დასავალი, პარტიებიდან კი ქართული ოცნება გამოირჩევიან. ქართული ოცნება პოლიტიკური ნიშნით შეუწყნარებლობის ენას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიმართ იყენებდა, რა დროსაც ძალადობის წამახალისებელი მოწოდებები დომინირებდა.

MDF-ის ხელმძღვანელის თამარ კინწურაშვილის თქმით, ორგანიზაციას აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომ დაინტერესებული მხარის ცნება გაფართოვდეს, ხოლო სხვადასხვა ჯგუფის უფლებების დამცველ ორგანიზაციებს თვითრეგულირების ორგანოში გასაჩივრების უფლება მიეცეთ.

კომენტარები