საპატრიარქო

საპატრიარქო: NATO-ს და ევროსტრუქტურების პოლიტიკაზე არასწორი წარმოდგენა გვქონდა

საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებმა ბრიუსელში სამუშაო ვიზიტი დაასრულეს. ბრიუსელის ვიზიტთან დაკავშირებით საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ეკლესიის შესახებ NATO-სა და ევროსტრუქტურებში არასწორი ინფორმაცია ჰქონდათ და, თავის მხრივ, მათ პოლიტიკაზე სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოსაც არასწორი წარმოდგენა ჰქონდა.

"როგორც უკვე აღინიშნა, ვიზიტი იყო გაცნობითი ხასიათის და მან მაღალ დონეზე ჩაიარა. ამასთან, აღმოჩნდა, რომ ნატოშიც და ევროსტრუქტურებშიც არასწორი ინფორმაცია ჰქონდათ საქართველოს ეკლესიის შესახებ და ჩვენც არასწორი წარმოდგენა გვქონდა მათ პოლიტიკასთან მიმართებაში რიგ თემებთან დაკავშირებით. მაგ.: საქართველოში სასწავლო დაწესებულებებიდან ამოღებულია რელიგიის სწავლება და, ვითომცდა დასავლური პოლიტიკიდან გამომდინარე, იკრძალება რელიგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე საუბარი.

ევროკავშირის ქვეყნებში კი ეს საგანი სხვადასხვა ფორმით არის შეტანილი იმის მიხედვით, თუ სად რა მოთხოვნილებაა. მაგ. ბელგიაში, სადაც სახელმწიფო აღიარებს რამდენიმე მიმდინარეობას: კათოლიციზმს, მართლმადიდებლობას, ლუთერანობას, იუდაიზმსა და ისლამს, სახელმწიფო ხელს უწყობს და ფინანსურად უზრუნველყოფს ნებისმიერი ამ აღმსარებლობის მქონე მოსწავლის თუ სტუდენტის სურვილს, მიიღოს რელიგიური განათლება. ჩვენთან კი პრობლემებს ქმნიდნენ", - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ოფიციალურ დოკუმენტსა თუ ზეპირ და წერილობით რეკომენდაციებში ერთი სქესის ქორწინების ხელშეწყობა მინიშნებული არ ყოფილა.

"საქართველოში, როგორც ცნობილია, გარკვეული ძალები ეწინააღმდეგებიან ოჯახის, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობის განმსაზღვრელი პუნქტის ჩაწერას კონსტიტუციაში, იმ მოტივით, თითქოს ეს ევროინტეგრაციის პროცესს შეუშლის ხელს.

უმაღლესი დონის არაერთ შეხვედრაზე ცალსახად ითქვა, რომ არცერთ ოფიციალურ დოკუმენტში და თვით ზეპირ თუ წერილობით რეკომენდაციაშიც კი არასოდეს ყოფილა მინიშნებული ერთნაირსქესიანთა ქორწინების ხელშეწყობა, რომ ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანაში განისაზღვრა ოჯახი, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობა და ეს არის ევროკავშირის სტრუქტურებისთვისაც სრულიად მისაღები მდგომარეობა", - ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს გაწევრიანებას, განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს მოსახლეობის გადასაწყვეტია.

"რაც შეეხება ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს გაწევრიანების საკითხთან მიმართებაში საპატრიარქოს წარმომადგენელთა აზრს, მათ განაცხადეს, რომ ეს მოსახლეობის გადასაწყვეტია; ეკლესია პატივს სცემს ხალხის არჩევანს და მიიჩნევს, რომ უმთავრესია:

ა) საქართველო იყოს დამოუკიდებელი.
ბ) აღსდგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა.
გ) ქვეყნის განვითარება მოხდეს ტრადიციული ფასეულობებისა და ღირებულებების გათვალისწინებით.

ამასთან, საქართველოს ეკლესიისთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა სახელმწიფოსთან იყოს ჩამოყალიბებული მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობა", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებოდა. ვიზიტი 7 ნოემბერს დაიწყო და 11 ნოემბრამდე გაგრძელდა.

კომენტარები