არჩევნები ბულგარეთში

ბულგარეთის საპრეზიდენტო არჩევნებში პრორუსი კანდიდატი რუმენ რადევი იმარჯვებს

AFP

ბულგარეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციური, სოციალისტური პარტიის მხარდაჭერილი კანდიდატი რუმენ რადევი იმარჯვებს.

ბულგარეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, რუმენ რადევს ბიულეტენების 99 %-ის დათვლის შემდეგ, ხმების 59.35 % აქვს, მის მოწინააღმდეგე მმართველი ცენტრისტული პარტიის კანდიდატ ცეცკა ცაჩევს კი 36.17 %. 

ბულგარეთის პრემიერმინისტრმა ბოიკო ბორისოვმა, რადევის გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ გადადგება, რადგან საპრეზიდენტო არჩევნებმა აჩვენა, რომ მისმა პარტიამ ხალხის უმრავლესობის მხარდაჭერა დაკარგა. ბორისოვმა ცაჩევის დამარცხების შემთხვევაში გადადგომის პირობა გუშინ, არჩევნების მიმდინარეობისას დადო. 

რუმენ რადევი ბულგარეთის საჰაერო ძალების ყოფილი გენერალია.

რადევი წინასაარჩევნო კამპანიის დროს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმების ინიციატივით გამოდიოდა. მან არაერთხელ აღნიშნა, რომ ის მხარს უჭერს რუსეთთან დაახლოებას და ბულგარეთის წევრობა ევროკავშირსა და NATO-ში არ ნიშნავს იმას, რომ ბულგარეთი რუსეთის მტერი უნდა იყოს.

ბულგარეთი საპარლამენტო მმართველობის ქვეყანაა. მის მთავრობას პრემიერმინისტრი ხელმძღვანელობს.

კომენტარები