თბილისის მერია

ნარმანია: ჯერჯერობით სითი პარკთან ხელშეკრულების შეწყვეტისგან თავს ვიკავებთ

დავით ნარმანია
თბილისის მერია

თბილისის მერი დავით ნარმანია სითი პარკთან ხელშეკრულების გაწყვეტას არ გეგმავს. ნარმანია საკრებულოს ფრაქცია რესპუბლიკელებისა და ალეკო ელისაშვილის ინიციატივას გამოეხმაურა, სითი პარკთან ხელშეკრულების გაწყვეტისა და თბილისის მერიის მიერ პარკირების ფუნქციის შეთავსების შესახებ.

"როცა დედაქალაქის ბიუჯეტს საკრებულოში წარვადგენ, დიდი სიამოვნებით მოვისმენ დეპუტატებისგან კონკრეტულ მოსაზრებებსა და გაანგარიშებებს. თუ ისინი გვეტყვიან, რას უნდა მოვაკლოთ ის 25 მილიონი, რათა სითი პარკს გადავუხადოთ და ეს გონივრული იქნება, ჩვენ ამას გავაკეთებთ. თუმცა ვშიშობ, რომ თუ პარკირებას დედაქალაქის მერია განახორციელებს, 25 მილიონი ლარის ამოღება 1 წლის განმავლობაში პარკირებით არ იქნება შესაძლებელი. ამიტომაც მეტი არგუმენტაცია და გაანგარიშებები სჭირდება ამას. ვფიქრობ, რომ უპასუხისმგებლო და გაუაზრებელი განცხადებების მსხვერპლი არ უნდა გახდეს ქალაქი და შემდეგ ათეულობით მილიონი ლარის გადახდა არ უნდა მოუწიოს. ჯერჯერობით, ყოველ შემთხვევაში, თავს ვიკავებთ სითი პარკთან ხელშეკრულების გაწყვეტისგან, იმიტომ რომ ჩვენი წინამორბედების მიერ სითი პარკთან კაბალური ხელშკრულება იყო გაფორმებული, რომელიც, სამწუხაროდ, ამ ხელშეკრულების გაწყვეტის საშუალებას არ გვაძლევს", - ამბობს თბილისის მერი.

ალეკო ელისაშვილმა და რესპუბლიკელებმა გამოითხოვეს საჯარო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა თანხა მიიღო სითი პარკმა 2 წლის განმავლობაში დედაქალაქის მერიისგან. ელისაშვილის თქმით, კომპანიას 62 მილიონ ლარზე მეტი აქვს "ჩვენი ჯიბეებიდან ამოღებული". დამოუკიდებელი დეპუტატი მერიას სთავაზობს, შეწყვიტოს სითი პარკთან კონტრაქტი და 25-მილიონიანი პირგასამტეხლო თბილისის 2017 წლის ბიუჯეტიდან გადაუხადოს. დავით ზურაბიშვილის თქმით, თუ 1 წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტი თვითონ განკარგავს ამ სფეროს, "მერია ამოიღებს იმ 25-მილიონიან დანახარჯს და კიდევ დარჩება თანხა".

 

კომენტარები