აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2016

ბოკერია: საქართველოს ამოცანა აშშ-ის ახალ პრეზიდენტთან კონტაქტის დამყარებაა

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია ხელისუფლებას მოუწოდებს აშშ-ის ახალ პრეზიდენტთან და მის ადმინისტრაციასთან კონტაქტის დამყარებისკენ. ბოკერიას თქმით, საქართველოს ამოცანად თავისუფალი სამყაროს ნაწილად დაბრუნება რჩება.

"საქართველოს ამოცანა ნებისმიერი სცენარის პირობებში და, მით უმეტეს, თუ გამოწვევები იზრდება, არის, რომ იმუშაოს ამ უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორის, თავისუფალი სამყაროს ლიდერის ახალი ადმინისტრაციის, ახალი პრეზიდენტის დღის წესრიგში რაც შეიძლება მაღლა მოხვედრაზე. უნდა დაამყარონ კონტაქტი ახალ პრეზიდენტთან და ადმინისტრაციასთან - ეს არის ჩვენი ეროვნული ამოცანა. ჩვენდა სამწუხაროდ, ამ მთავრობის კომპეტენცია ძალიან დაბალია და ეს ჩვენს რისკებს ყველა შემთხვევაში ზრდის. არ შეიძლება ვინმე შავბნელ პროგნოზებს მიეცეს, რომ ძალიან ცუდად არის საქმე. ჩვენი ამოცანები არის იგივე, ეს არის დაბრუნება თავისუფალი სამყაროს ნაწილად, ეს არის ჩვენი სუვერენიტეტის და თავისუფლების დაცვა. ჩვენ პრობლემები იქამდეც გვქონდა იმიტომ, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ არ იმუშავა იმაზე, რომ დღის წესრიგის ნაწილი ყოფილიყო. დღეს ეს პრობლემები გაღრმავდება თუ არა, ნაწილობრივ მაინც, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ იმუშავებს ჩვენი ხელისუფლება. ჩვენი, როგორც პოლიტიკური ოპოზიციის ამოცანაა, ყველაფერი გავაკეთოთ იქ, სადაც შეგვიძლია, თუმცა მთავრობას ოპოზიცია ვერ შეცვლის. უნდა შევაწუხოთ მთავრობა, რათა უფრო მეტი გააკეთონ, ვიდრე აქამდე აკეთებდნენ. საქართველოს უფრო მძიმე მომენტებიც ჰქონია ისტორიაში და ყველა ვარიანტში უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა ჩვენი ეროვნული ამოცანის შესასრულებლად", - ამბობს ბოკერია.

დონალდ ტრამპი აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი იქნება. უკანასკნელი მონაცემებით მას საარჩევნო კოლეგიის 276 ხმა დაუგროვდა. საბოლოო გამარჯვებისთვის კოლეგიაში 270 ხმის მოპოვება იყო საჭირო. უკანასკნელი მონაცემებით, რესპუბლიკელი კანდიდატი დონალდ ტრამპი, დემოკრატ ჰილარი კლინტონს 58 ხმით უსწრებს. ამ ეტაპზე დონალდ ტრამპს საარჩევნო კოლეგიაში უკვე 276 ხმა აქვს, ჰილარი კლინტონს კი - 218.

კომენტარები