კრიმინალი

76 წლის ქალის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

facebook.com/pages/თბილისის-საქალაქო-სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ხუთივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროცესი დახურული იყო, რადგან ერთ-ერთი ბრალდებული არასრულწლოვანია.

დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულების ადვოკატების თქმით, მათი დაცვის ქვეშ მყოფები დანაშაულს არ აღიარებენ, არ არსებობს შესაბამისი მტკიცებულებები და სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

მოკლულის შვილის, ირმა ყ.ს ადვოკატი კი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი აღიარებს დანაშაულს და ეთანხმება მის მიმართ წარდგენილ ბრალდებას. გაგა მიშველიანის ინფორმაციითვე, ბრალდებულსა და დედას შორის გარკვეული სახის კონფლიქტი იყო და ძირითადად ეს იყო ოჯახური უთანხმოება.

ბრალდების მხარე კვლავ რიტუალურ მკვლელობაზე საუბრობს. პროკურორის ინფორმაციით, შესწავლილია ბრალდებულების ფეისბუქ გვერდები.

"არის დათვალიერებული ბრალდებულების ფეისბუქი, სადაც ისინი სხვადასხვა ფორმაში, რიტუალურ ფორმაში არიან გამოსული - ტატუირების კუთხითაც, ჩაცმულობის კუთხითაც. ჩვენ ბრალდებულისთვის წარდგენილი გვაქვს ერთ-ერთ ბრალად რომ მკვლელობა ჩადენილ იქნა გარდაცვლილის სხეულის ან სხეულის ორგანოს სხვადასხვა დანიშნულებისამებრ გამოყენების მიზნით" - განაცხადა სასამართლო პროცესის შემდეგ პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ.

საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 8 დეკემბერს გაიმართება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის თანამშრომლებმა, 19 წლის ირმა ყ, 23 წლის ბექა შ. და 17 წლის ნინა ჭ. დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 4 ნოემბერს დააკავეს. ასევე დაკავებულები არიან 22 წლის ავთანდილ ა. და 23 წლის დათა გ. ამავე მკვლელობის შეუტყობინებლობისა და დანაშაულის დაფარვის ბრალდებით. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულებმა 19 ოქტომბერს, წინასწარშემუშავებული გეგმის მიხედვით, ერთ-ერთი ბრალდებულის ირმა ყ.-ს დედა, 76 წლის ლუბა ყ. მოკლეს. უწყება აღნიშნავს, რომ "ეს იყო რიტუალური მკვლელობა", თუმცა არ განმარტავს რის საფუძველზე მიიჩნევს ასე. დღეს კი, სასამართლო პროცესის დაწყებამდე, პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ სავარაუდო კანიბალიზმის შესახებაც გააკეთა განცხადება.

კომენტარები