კანდელაკი: რუსეთის ეს გადაწყვეტილება ჩვენი ხელისუფლების საზიანო პოლიტიკის შედეგია

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი კანდელაკი რუსეთის სახელმწიფო დუმას გადაწყვეტილებას, ჯართა გაერთიანებული დაჯგუფების შესახებ, ეხმაურება. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლების საზიანო პოლიტიკის შედეგია.

"რუსეთის ფედერაციის ეს გადაწყვეტილება არის საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის გაღრმავება. ეს არის იმის შედეგი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აწარმოა ჩვენი ქვეყნისთვის საზიანო პოლიტიკა. მან, ფაქტობრივად, მოხსნა ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხები საერთაშორისო დღის წესრიგიდან, რისი დასტურიც არის ის, რომ რუსეთის მიმართ დაწესბული სანქციების მიზეზებში, რუსეთის მიმართ წაყენებული მოთხოვნების ჩამონათვალში საერთოდ არ ფიგურირებს საქართველოს საკითხი. აი, ეს არის მიზეზი. რა თქმა უნდა, რუსეთთან დიალოგი აუცილებელია, ამისთვის არსებობს ჟენევის ფორმატი, მაგრამ სრულებით არ არის აუცილებელი, რბილად რომ ვთქვათ, ჩვენი დეოკუპაციის საკითხის საერთაშორისო და დასავლეთ-რუსეთის დღის წესრიგიდან მოხსნა", - ამბობს კანდელაკი.

რუსეთის სახელმწიფო დუმამ, რუსეთისა და აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ჯართა გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. აღნიშნულ დოკუმენტს მხარეებმა ხელი 2015 წლის 21 ნოემბერს მოაწერეს. ე.წ. შეთანხმების თანახმად, გაერთიანებული დაჯგუფების მთავარი ამოცანა "შეიარაღებულ თავდასხმაზე ადეკვატური რეაგირება" იქნება.

კომენტარები