არჩევნები 2016

საერთაშორისო დამკვირვებლები: დარღვევების მიუხედავად, II ტური პოზიტიურად შეფასდა

ტაბულა

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებმა დღევანდელ საერთო ბრიფინგზე საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური პოზიტიურად შეაფასეს, თუმცა, გარკვეულ კანონდარღვევებზეც ისაუბრეს.

"საქართველოში 30 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური კონკურენტულ გარემოში კანდიდატებისა და ამომრჩევლის უფლებების დაცვით ჩატარდა. ხმის მიცემის პროცესი პოზიტიურად შეფასდა მიუხედავად იმისა, რომ მოხდა გარკვეულწილად უკანონო ქმედებები.

პირველ და მეორე ტურებს შორის პერიოდში ოპოზიციური პარტიების კვლავ პირველი ტურის შედეგებზე დავობდნენ. საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებული სასამართლო დავები ხშირად არ აკმაყოფილებდა გამჭვირვალობის პრინციპებს. ამ ყველაფერმა საარჩევნო ადმინისტრაციისადმი ნდობა შეასუსტა", - ნათქვამია ეუთოს პრესრელიზში.

ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარის, ანა გომესის თქმით, მმართველ პარტიას საკონსტიტუციო უმრავლესობის პირობებში მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება, რომ ძალაუფლება ქვეყნის სასიკეთოდ და არა პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის გამოიყენოს.

"მეორე ტურში ფსონები ძალიან მაღალი იყო, მმართველი პარტია მიზნად საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას ისახავდა. მეორე ტურების შედეგმა მათ ეს მოლოდინი გაუმართლა. აქედან გამომდინარე, უმრავლესობას პასუხისმგებლობა ეკისრება, რომ ეს ძალაუფლება ქვეყნის სასიკეთოდ და არა პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის გამოიყენოს, პატივი სცეს ინსტიტუციებს, ძალაუფლების სხვადასხვა წყაროს შორის ბალანსს და უმრავლესობისა და ოპოზიციის დემოკრატიულ როლს, რაც უმნიშვნელოვანესია", - თქვა ანა გომესმა.

სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებმა საჩივრების განხილვის პროცესში დაფიქსირებულ დარღვევებზეც ისაუბრეს.

მათივე თქმით, არჩევნების პირველი ტურის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიებმა 1 100-ზე მეტი საჩივარი მიიღეს, რომელთა უმეტესობაც უბნებზე ხმის დათვლის პროცესს ეხებოდა. "სისუსტე შეინიშნებოდა საჩივრების განხილვისას. საჩივრებში ყოველთვის არ იყო მითითებული დრო და ადგილი, ზოგჯერ გადაწყვეტილების რამდენიმე ეგზემპლარი გამოიცემოდა და რიგ შემთხვევებში გამოძიება არც კი ჩატარებულა", - ნათქვამია განცხადებაში.

საერთაშორისო დამკვირვებლების განცხადებით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რამდენიმე პროცედურული ბრძანება საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას გამოსცა, რომლებიც რიგ შემთხვევაში ეწინააღმდეგებოდა საარჩევნო კოდექსს.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) სადამკვირვებლო მისიის თავმჯდომარემ, ალექსანდრ კელტჩევსკიმ, ODIHR-ის სახელით მზადყოფნა გამოთქვა, რომ საქართველოს მთავრობას საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანაში დაეხმარება.

"ლეგალური ჩარჩოს სისუსტემ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია საარჩევნო პროცესზე. კანონში ცვლილებების შესატანად ნაბიჯები უნდა გადაიდგას და ODIHR მზადაა, რომ საქართველოს მთავრობას ამაში დაეხმაროს", - თქვა ალექსანდრ კელტჩევსკიმ.

საერთაშორისო დამკვირვებლებმა მედიისა და საარჩევნო კომისიების მუშაობა მეორე ტურისთვის უფრო პოზიტიურად შეაფასა, ვიდრე პირველისთვის.

"მეორე ტურისთვის მედია უფრო დაბალანსებული იყო, ვიდრე პირველი ტურისთვის. საარჩევნო პროცედურები ჩატარდა მშვიდობიანად და პროფესიონალურად. საარჩევნო უბნების კომისიები მეტად მომზადებული იყვნენ და პროცედურებიც მეტად დაცული იყო", - ნათქვამია ეუთოს პრესრელიზში.

კომენტარები