არჩევნები 2016

საია: ხმის დათვლის და შეჯამების დროს მნიშვნელოვანი ხარვეზები არ გამოვლინდა

საია
gyla.ge

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობა შეაჯამა. ნაცვლიშვილის თქმით, კენჭისყრის დღე ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა და "ამომრჩევლის ნება, ძირითადად, თავისუფლად გამოიხატა".

"პრობლემური იყო მარკირებასთან დაკავშირებული საკითხები - დაფიქსირდა მარკირებაგავლილი ამომრჩევლის ხმის მიცემის და ხმის მიცემის მცდელობის რამდენიმე ფაქტი. ამომრჩევლის ნების განსხვავებული ფორმით გაკეთების რამდენიმე შემთხვევა, დამკვირვებელთა მიმართ მუქარის, ხელის შეშლის და უფლების შეზღუდვის შემთხვევები, დამკვირვებელთა სამკერდე ნიშნების სიზუსტის პრობლემები. ასევე, დაფიქსირდა სხვადასხვა პროცედურული ხასიათის დარღვევები. ფიზიკური შეურაცხყოფის ერთი ფაქტი გორში და მედიის წარმომადგენლებისთვის ხელის შეშლის 1 ფაქტი ბათუმში. განსხვავებით პირველი ტურის კენჭისყრის დღისგან, არ დაფიქსირებულა ხმის დათვლის და შეჯამების პროცესის დროს მნიშვნელოვანი ხარვეზები. თუმცა, ნეგატიურად უნდა შეფასდეს ის გარემოება, რომ მეორე ტურზე კვლავ გაგრძელდა მანკიერი პრაქტიკა, როდესაც უბნების მიმდებარე ტერიტორიებზე მობილიზებულები არიან კანდიდატების კოორდინატორები, პარტიული აქტივისტები და აღრიცხავენ უბანზე მისულ ამომრჩეველს, ცალკეულ შემთხვევებში, ასევე, მათ მიერ დაფიქსირებულ არჩევანსაც, რაც შეიძლება შეფასდეს, როგორც ირიბი კონტროლი ან ირიბი კონტროლის განხორციელების მცდელობა. პოზიტიურად უნდა შეფასდეს, რომ პირველი ტურისგან განსხვავებით, კენჭისყრის დღეს მეორე ტურის დროს ძალადობას უბნების გარე პერიმეტრზე ან უბნების დარბევის შემთხვევებს ადგილი არ ჰქონია", - თქვა ნაცვლიშვილმა და აღნიშნა პოლიტიკური სუბიექტებისა და სამართალდამცველების როლი არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარებაში.

კომენტარები