არჩევნები 2016

ქართულ ოცნებას აჭარის უმაღლეს საბჭოში უმრავლესობა აქვს

ბათუმი
georgia.travel

აჭარის უმაღლეს საბჭოში ქართულმა ოცნებამ უმრავლესობა მოიპოვა. უსკოს მონაცემებით, აჭარის ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში ქართული ოცნების კანდიდატებმა გაიმარჯვეს. შესაბამისად, პროპორციულ არჩევნებში მოპოვებული 8 მანდატითა და მაჟორიტარული სისტემით მოპოვებული 6 მანდატით 21-წევრიან უმაღლეს საბჭოში ქართული ოცნება 14 დეპუტატს შეიყვანს.

არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა 114 470 ამომრჩეველმა მიიღო, რაც საერთო რაოდენობის 37.09%-ია. გაბათილდა 2 614 ბიულეტენი.

რაც შეეხება კონკრეტულად აჭარის მაჟორიტარულ ოლქებს:

ბათუმის N68-ე მაჟორიტარულ ოლქში ქართული ოცნების კანდიდატმა ვახტანგ წულაძემ ხმების 66.63% მოიპოვა, ხოლო ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა ელგუჯა ბაგრატიონმა 33.27%.

ბათუმის N69-ე მაჟორიტარულ ოლქში ქართული ოცნების კანდიდატმა ილია ვერძაძემ ხმათა 69.87% მიიღო, ხოლო ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა ნინო ჯინჭარაძემ - 30.13%.

ბათუმის N70-ე მაჟორიტარულ ოლქში, ქართული ოცნების კანდიდატმა და სიის პირველმა ნომერმა ნუგზარ სურმანიძემ ხმათა 71.21 % მიიღო, ხოლო ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა გია აბულაძემ 28.79%.

ქობულეთის N71-ე მაჟორიტარულ ოლქში ქართული ოცნების კანდიდატს გიორგი რომანაძეს ხმათა 71.51% ერგო, ხოლო ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს მამული სურმანიძეს - 28.49%.

ხელვაჩაურის N72-ე მაჟორიტარულ ოლქში ქართული ოცნების კანდიდატმა მერაბ კარანაძემ ხმების 72.19% მიიღო, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა ქენან კახიძემ კი - 27.81%.

ხულოს N73-ე ოლქში ქართული ოცნების კანდიდატმა ხვიჩა შარაშიძემ ხმათა 71.44% მიიღო, ხოლო ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს ნუგზარ ამაღლობელს 28.56% ერგო.

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად ჩატარდა. აჭარის უმაღლესი საბჭო მრავალპარტიული იქნება. ქართულ ოცნებას 14 დეპუტატი, ნაციონალურ მოძრაობას 5 დეპუტატი, ხოლო ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიულ მოძრაობასა და პატრიოტთა ალიანსს თითო-თითო დეპუტატი ეყოლებათ.

კომენტარები