არჩევნები 2016

შედეგები შეიცვალა, ცესკოს მონაცემებით, მცხეთაში ხუნდაძემ 60 ხმით გაიმარჯვა

facebook.com/parliamentgeo

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, მცხეთის N37 საარჩევნო ოლქში ქართული ოცნების კანდიდატმა დიმიტრი ხუნდაძემ გაიმარჯვა. მან ხმების 50.11% (13 736 ხმა) დააგროვა, ხოლო მისმა კონკურენტმა, დამოუკიდებელმა კონკურენტმა ცეზარ ჩოჩელმა - 49.89% (13 676 ხმა). დათვლილია ყველა საარჩევნო უბანი. ხუნდაძემ ჩოჩელს 60 ხმით მოუგო.

აღსანიშნავია, რომ ერთი საათის წინ, მცხეთის საარჩევნო ოლქში, წინასწარი მონაცემებით ცეზარ ჩოჩელი იმარჯვებდა, თუმცა, დარჩენილი ოთხი უბნის მონაცემმა საბოლოო შედეგი შეცვალა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 50-დან 48 საარჩევნო ოლქში ქართული ოცნების კანდიდატები იმარჯვებენ. ერთში - დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი (მთაწმინდის ოლქი), ხოლო ერთში - მრეწველების კანდიდატი სიმონ ნოზაძე (ხაშურის ოლქი).

ქართულ ოცნებას არჩევნების პირველი ტურის მონაცემებით, პარლამენტში 67 დეპუტატის შეყვანა შეეძლო. თუ მმართველმა ძალამ მეორე ტურებში 48 მაჟორიტარულ ოლქში გაიმარჯვა, ქართულ ოცნებას მეცხრე მოწვევის პარლამენტში 115 დეპუტატი ეყოლება, რაც საკონსტიტუციო უმრავლესობაა.

კომენტარები