არჩევნები 2016

კობახიძე: ენმ მარნეულისა და მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქებში პროვოკაციებს გეგმავს

ტაბულა

ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პროვოკაციების ორგანიზებაში დაადანაშაულა და მოუწოდა ყველა იმ ადამიანს, ვინც შესაძლოა ჩართული იყოს ამ "პროვოკაციებში", რომ თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებებისგან, რადგან, მისივე თქმით, ყველა სახის პროვოკაციაზე იქნება შესაბამისი რეაგირება.

კობახიძის ცნობით, ენმ-ის მაჟორიტარობის კანდიდატს მარნეულში, აჰმედ იმამკულიევს ახალგაზრდების მობილიზება აქვს განზრახული იმისათვის, რომ ხელოვნურად ჩაშალოს საარჩევნო პროცესი მარნეულის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის რამდენიმე უბანზე.

"მარნეულის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მაჟორიტარობის კანდიდატს ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, იმამკულიევს განზრახული აქვს ახალგაზრდების მობილიზება. მას უკვე დაწყებული აქვს ამაზე მუშაობა იმისათვის, რომ ხელოვნურად ჩაშალოს რამდენიმე უბანი. საუბარია კვლავ ყიზილაჯლოს უბანზე და, ასევე, საუბარია ქალაქ მარნეულის რამდნეიმე საარჩევნო უბანზე. ჩვენ ვაფრთხილებთ ყველა ადამიანს, ვინც შეიძლება ჩართული იყოს ასეთ პროვოკაციებში, რომ თავი შეიკავონ კანონდარღვევისგან. ამას აუცილებლად ექნება შესაბამისი რეაგირება", - თქვა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ, ასევე, ისაუბრა მთაწმინის მაჟორიტარულ ოლქზე. მისი მტკიცებით, ენმ-ის კანდიდატი, ნიკოლოზ რურუა არასამთავრობო ორგანიზაციის All Media მეშვეობით ცდილობს არეულობის მოწყობას.

"მეორე ფაქტი დაკავშირებულია ქალაქ თბილისის მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქთან, სადაც, როგორც ჩანს, ნიკოლოზ რურუამ უკვე გაიგო არჩევნების წინასწარი შედეგები და მას, ჩვენი ინფორმაციით, განზრახული აქვს არეულობის მოწყობა უბნებზე. ამისათვის ის აქტიურად იყენებს ჩვენ მიერ არა ერთხელ ნახსენებ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციას All Media-ს, რომელიც პრესის საშუალებად არის დარეგისტრირებული ცესკო-ში და რომელსაც ათასობით ე.წ. დამკვირვებელი ჰყავს დანიშნული. ნიკოლოზ რურუა აპირებს ამ ორგანიზაციის გამოყენებას არეულობის მოსაწყობად. ამის ნიშნები უკვე თვალსაჩინოა საარჩევნო უბნებზე. ეს ე.წ. დამკვირვებლები ცდილობენ ხელოვნურად შეაფერხონ საარჩევნო კომისიების მუშაობა უბნებზე მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში. ამ შემთხვევაშიც ჩვენ მოვუწოდებთ ენმ-ის მაჟორიტარობის კანდიდატს, თავი შეიკავოს პროვოკაციებისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბუნებრივია, ამასაც მოჰყვება შესაბამისი რეაგირება", - თქვა კობახიძემ.

კომენტარები