არჩევნები 2016

ISFED: მნიშვნელოვანი დარღვევების უმეტესი ნაწილი კვლავ მარნეულში ფიქსირდება

სამართლიანი არჩევნები 19 საათისთვის კენჭისყრის მიმდინარეობას აფასებს. ISFED-ის ცნობით, 15 საათის შემდეგ, დამკვირვებლების ინფორმაციით, კენჭისყრის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, უმეტეს შემთხვევაში საარჩევნო კომისიის წევრები იცავენ კანონის დადგენილ პროცედურებს. არასამთავრობოსვე ინფორმაციით, სამართლიანი არჩევნების მიერ აღრიცხული მნიშვნელოვანი დარღვევების უმეტესი ნაწილი კვლავაც მარნეულის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ფიქსირდება.

"აღსანიშნავია, რომ სამართლიანი არჩევნების მიერ აღრიცხული მნიშვნელოვანი დარღვევების უმეტესი ნაწილი კვლავაც მარნეულის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ფიქსირდება. დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის - 1, საარჩევნო უბანზე აგიტაციის 1, ხმის ხელმეორედ მიცემის - 1, კენჭისყრის ფარულობის დარღვევის 1, არაუფლებამოსილი პირების უბანზე ყოფნის - 2, მარკირების პროცედურის დარღვევის - 1, საარჩევნო დოკუმენტაციებისა და პროცედურების არასათანადო წარმოების - 4, გადასატანი საარჩევნო ყუთის პროცედურის დარღვევის - 5 და ჟურნალისტის საქმიანობის შეჟღუდვის 1 ფაქტი",- წერია განცხადებაში.

ISFED-ის ცნობით, ამ დროისთვის მათი დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიების ჩანაწერთა წიგნებში დაფიქსირდა 49 შენიშვნა, საუბნო საარჩევნო კომისიაში წარდგენილია 31 საჩივარი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიაში - 32.

კომენტარები