არჩევნები 2016

მარნეულის 50-ე უბანზე ხმის მიცემა რამდენიმე წუთით შეწყვეტილი იყო

ტაბულა

მარნეულის 50-ე უბანზე სოფელ ყიზილაჯლოში ხმის მიცემა რამდენიმე წუთით შეწყვეტილი იყო. როგორც ტაბულას კორესპონდენტი ადგილიდან ყვება, უბანთან ჩოჩქოლი ატყდა, ჟურნალისტების მისვლისას კი უბნის წარმომადგენელი მათ კართან გადაეღობა და მოუწოდა, კომისიის თავმჯდომარეს დალოდებოდნენ.

როგორც თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუმარტა, ერთ-ერთი დამკვირვებელი კაბინაში შევიდა და კაბინის ფარდაზე 41 დაწერა, შემდეგ კი თქვა, რომ წარწერა კაბინის შიგნით თავიდანვე იყო. თავმჯდომარის თქმით, 3 მოწმე ჰყავს, რომლებიც დაადასტურებენ, რომ 41 სწორედ ამ მამაკაცმა დაწერა. კითხვას, როგორ დაინახეს, კაბინაში პირმა რა გააკეთა, კომისიის თავმჯდომარე არ პასუხობს.

ჟურნალისტების უბანზე არშეშვების მიზეზად კი პატარა სივრცე დაასახელეს. ტაბულას კორესპონდენტი დაინტერესდა, კონკრეტულად რომელ დამკვირვებელს ეხებოდა საქმე, თუმცა, უბნის წარმომადგენლებმა მის ვინაობაზე არ მიუთითეს.

აღსანიშნავია, რომ 50-ე უბანს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი არ ჰყავს, რადგან კომისიის თავმჯდომარემ პარტიის ორივე დამკვირვებელი გააძევა უბნიდან. პირი, რომელმაც, სავარაუდოდ, კაბინის ფარდაზე დაწერა, კვლავ უბანზეა.

ამ დროისთვის, 50-ე უბანზე მშვიდი ვითარებაა.

კომენტარები