არჩევნები 2016

ცესკო: მთაწმინდის #18 უბანზე 3 პირი მოტყუებით შევიდა

ანა მიქელაძე
ცესკო

დღევანდელ ბრიფინგზე ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ მთაწმინდის #18 უბანზე გუშინ საღამოს მომხდარი დარღვევის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, საარჩევნო უბანზე დამკვირვებლისა და პარტიის წარმომადგენლობის სააკრედიტაციო მოწმობებით აღჭურვილი პირები მოტყუებით შევიდნენ - თქვეს, რომ საარჩევნო ოლქიდან იყვნენ. მომხდარზე გამოძიებაა დაწყებული.

"დაახლოებით საღამოს 19:20 საათზე, სამი პირი მივიდა მთაწმინდის #18-ე უბანზე, მათ დაცვის პოლიციას თავი წარუდგინეს როგორც საარჩევნო ოლქის წარმომადგენლებმა. ეს პირები უბანზე შევიდნენ, როდესაც უბანი იყო უკვე დაკეტილი მასალებთან ერთად და მათ დაიწყეს საარჩევნო მასალების დათვალიერება, გადაღება, უჯრების გახსნა, სადაც მასალა ინახებოდა, მათ შორის გადაიღეს სამაგიდო სიებიც, რომელიც შეიცავს ამომრჩევლის პერსონალურ მონაცემებს, პირად ნომრებს.

მოგვიანებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები არ იყვნენ ოლქის წარმომადგენლები, მათ ჰქონდათ დამკვირვებლის და პარტიის წარმომადგენლობის სააკრედიტაციო მოწმობები. დაცვის პოლიციამ მათ დაატოვებინა უბანი. ადგილზე მასალების გადასამოწმებლად მივიდნენ ოლქისა და ცესკოს წარმომადგენლები, ასევე უბნის თავმჯდომარე; შეტყობინება შევიდა 112-ზე და გამოძახებული იყო პოლიცია. აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო მასალა და დოკუმენტაცია არის უბანზე სრულყოფილი და დაუზიანებელი, აღნიშნული წარმოადგენს დაკეტილ საარჩევნო უბანზე მოტყუებით შესვლას და უფლებამოსილების გადამეტებას.

შესაბამისად, მივმართავთ დამკვირვებლებს, საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირებს იმოქმედონ კანონის ფარგლებში, არ გასცდნენ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებს და ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას საქმიანობის განხორციელებაში", - თქვა ცესკოს სპიკერმა.

კომენტარები